პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესია

პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქვეყნის კონსტიტუცია ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესად გამოცხადდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავეცკის მოთხოვნა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების გადასინჯვასთან დაკავშირებით. მართლმსაჯულების სასამართლომ ევროკავშირის   კანონმდებლობა პოლონეთის კონსტიტუციაზე მაღლა დააყენა.

„ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მცდელობა ჩაერიოს ქვეყნის იურიდიული სტრუქტურების საქმიანობაში არღვევს იმ კანონებს, რომლებიც სახელმწიფოს კონსტიტუციას პრიორიტეტულად აღიარებენ და ევროინტეგრაციის პროცესში სახელმწიფოთა სუვერენულობას პატივს სცემენ,“ – აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა პიოტრ მიულერმა ტვიტერზე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: „ქვეყნის კონსტიტუციის უპირატესობა სხვა საკანონმდებლო აქტებზე პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციითვეა განსაზღვრული. დღეს ეს კიდევ ერთხელ  დაადასტურა საკონსტიტუციო ტრიბუნალმა.“

ბრიუსელი პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალს არალეგიტიმურად მიიჩნევს და მას სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური ზეგავლენის მოხდენაში ადანაშაულებს. ბრიუსელში აცხადებენ, რომ პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“ საკონსტიტუციო ტრიბუნალის დახმარებით სასამართლო გადაწყვეტილებებზე პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ მარტში მიღებული გადაწყვეტილებით ევროკავშირს უფლება მიენიჭა აიძულოს კავშირის წევრი ქვეყანა უგულებელყოს სახელმწიფო კანონმდებლობის გარკვეული დადგენილებები.

მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს, პოლონეთს სადავო სასამართლო რეფორმაზე უარის თქმა აიძულოს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პოლონეთის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრების დანიშვნასთან დაკავშირებით ახალი პროცედურების დანერგვას ევროკავშირის კანონმდებლობის უხეშ დარღვევად მიიჩნევს.