პოლონეთის პარლამენტმა ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გასაძევებლად საკანონმდებლო ცვლილება მიიღო

პოლონეთის პარლამენტმა ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გასაძევებლად საკანონმდებლო ცვლილება მიიღო

პოლონეთის პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილება მიიღო, რომლითაც ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევება დააკანონა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა ბელარუსის საზღვართან კედლის მშენებლობასაც. კედლის მშენებლობისთვის  353 მილიონი ევრო უნდა გამოიყოს.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, არალეგალ მიგრანტებს, რომლებსაც პოლონეთის საზღვრის გადმოკვეთისას დააკავებენ, ქვეყნის ტერიტორიის დაუყოვნებლივ დატოვება მოუწევთ. მათ ექვსი თვიდან სამ წლამდე ვადით ქვეყანაში შესვლაც აეკრძალებათ.

ახალი საკანონმდებლო ცვლილება პოლონეთის მთავრობას უფლებას ანიჭებს არ განიხილოს შუამდგომლობა არალეგალი მიგრანტებისთვის თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით, თუ მიგრანტები ქვეყანაში უშუალოდ მათი სიცოცხლისთვის საშიში ზონიდან არ არიან შესულები.

ვარშავამ ქვეყნის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, საზღვრის გასწვრივ 1000 მესაზღვრე დააყენა, ხოლო ჟურნალისტებსა და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს 400 კილომეტრიან სასაზღვრო ზოლთან წვდომა აუკრძალა. პოლონეთმა საზღვრის დასაცავად მავთულხლართების აგებაც დაიწყო.

14 ოქტომბერს პოლონეთისა და ბელარუსის საზღვარზე არალეგალი მიგრანტის გვამი იპოვეს. პოლიციის პრესმდივანმა ტომაშ კრუპამ  Gazeta Wyborcza-სთან საუბრისას განაცხადა, რომ გარდაცვლილი 24 წლის სირიელი მიგრანტია, რომელიც პოლონეთში ბელარუსიდან შემოვიდა. ლიეტუვის, პოლონეთისა და ბელარუსის ცნობით, საზღვარზე შვიდი ადამიანის გვამი აღმოაჩინეს მას შემდეგ, რაც მიგრანტების ტალღამ უპრეცედენტოდ მოიმატა.

აგვისტოს შემდეგ პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან წამოსული ათასობით არალეგალი მიგრანტი ცდილობს, რომლებიც ქვეყანაში ბელარუსის გავლით შედიან. ევროკავშირში ფიქრობენ, რომ მიგრანტებისთვის საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო შურისძიებას ცდილობს. პოლონეთის მსგავსად, ბელარუსის საზღვართან მიგრანტთა ნაკადების ზრდას უჩივიან ლიეტუვა და ლატვიაც.

https://altinfo.net/archives/14540