თურქული ლირა დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა და რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

თურქული ლირა დოლართან მიმართებაში მკვეთრად გაუფასურდა და რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

თურქული ლირა დოლართან მიმართებაში 1,6%-ით გაუფასურდა და კურსი რეკორდულად დაბალ დონემდე დაეცა. Reuters-ის შეფასებით, აზიის ვაჭრობის დასაწყისში ისტორიულ მინიმუმამდე ლირას გაუფასურება მას შემდეგ მოხდა, რაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გასცა ბრძანება ქვეყნიდან აშშ-ს და დასავლეთის 9 ქვეყნის ელჩების გაძევების შესახებ.

კვირას, გრინვიჩის დროით, 18:40 სთ-ზე ლირამ დოლართან მიმართებაში ყველა დროის ყველაზე დაბალ - 9,75-იან მაჩვენებელს მიაღწია და პარასკევს დახურული ვაჭრობის მაჩვენებელთან, 9,5950 ლირასთან შედარებით კიდევ უფრო გაუფასურდა. მიმდინარე წელს თურქული ლირა 24%-ით დაეცა.

ვალუტამ რეკორდულ ნიშნულს გასულ კვირას მიაღწია, როცა თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა (CBRT) საპროცენტო განაკვეთი, ინფლაციის ზრდის მიუხედავად, 200 საბაზისო პუნქტით შეამცირა. ეს შოკურ ნაბიჯად შეფასდა, რასაც ეკონომისტებმა და ოპოზიციონერმა კანონმდებლებმა „უგუნური გადაწყვეტილაება“ უწოდეს.

„თურქული ფინანსური ბაზრის მდგომარეობაზე მეტად ვღელავ, რადგან ამ კვირიდან ლირა გამყიდველების მხრიდან დიდი წნეხის ქვეშ აღმოჩნდება. ერთადერთი თავდაცვის საშუალება სავალუტო რეზერვების დახარჯვა იქნება, რაც ცენტრალურ ბანკს არ გააჩნია,“ - აცხადებს განვითარებად ბაზრებზე დამკვირვებელი კომპანიის, BlueBay-ის ვეტერანი ანალიტიკოსი, ტიმ ეში.

ერდოღანმა შაბათს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა, ქვეყნიდან ელჩები გააძევოს, რადგან ისინი ბიზნესმენ და ფილანტროპ ოსმან კავალის გათავისუფლებას მოითხოვდნენ, რომელიც ოთხი წელია ციხეში გასამართლების გარეშე იმყოფება. თუმცა კვირას საღამოსთვის ელჩების გაძევების არანაირი ნიშანი არ შეინიშნებოდა, რაც, Reuters-ის შეფასებით, ერდოღანის 19-წლიანი მმართველობის პერიოდში დასავლეთთან ყველაზე დიდ განხეთქილებას გამოიწვევს.

მოელიან, რომ გასულ კვირას ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის შემცირების შედეგად, თურქეთის სახელმწიფო ბანკები დღეიდან სესხის ღირებულებას 200 საბაზისო პუნქტით შეამცირებენ.

წყარო: https://www.bpn.ge/article/87314-turkuli-liras-kursi-rekordul-nishnulamde-daeca