პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირი პოლონეთისთვის „შუბლზე იარაღის მიბჯენაში“ დაადანაშაულა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირი პოლონეთისთვის „შუბლზე იარაღის მიბჯენაში“ დაადანაშაულა

Financial Times-თან ინტერვიუში პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირი პოლონეთისთვის „შუბლზე იარაღის მიბჯენაში“ დაადანაშაულა. ევროკავშირი პოლონეთს სასამართლო რეფორმის გაუქმებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფინანსური სანქციებით ემუქრება.

ბრიუსელი თვლის, რომ პოლონეთის სასამართლო რეფორმა დემოკრატიულ თავისუფლებებს ზღუდავს, ხოლო პოლონეთი აცხადებს, რომ მოსამართლეებში კორუფციის ამოსაძირკვად რეფორმის გატარებაა საჭირო.

Financial Times-თან საუბრისას მატეუშ მორავეცკიმ ევროკავშირს მოუწოდა, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პოლონეთისთვის ჯარიმის დაწესება არ მოსთხოვოს.

„ეს მათი მხრიდან ყველაზე ბრძნული გადაწყვეტილება იქნებოდა. ამ შემთხვევაში არ მოგვიწევდა ერთმანეთთან საუბარი ისეთ პირობებში, სადაც ჩვენ შუბლზე იარაღი გვაქვს მობჯენილი,“ – განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

მატეუშ მორავეცკის თქმით, პოლონეთი ევროკავშირთან დაპირისპირებაში თავის დასაცავად მზად არის.

„რა მოხდება, თუ ევროკომისია მესამე მსოფლიო ომს წამოიწყებს? თუ ისინი მესამე მსოფლიო ომს დაიწყებენ, პოლონეთი თავის უფლებებს დაიცავს ნებისმიერი იარაღით, რომელიც ჩვენს განკარგულებაშია,“- განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.