ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს ჯარიმის სახით დღიურად მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

ევროკავშირის სასამართლომ პოლონეთს ჯარიმის სახით დღიურად მილიონი ევროს გადახდა დააკისრა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლონეთს სასამართლო რეფორმის გატარების გამო დღიურად ჯარიმის სახით მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

სადამსჯელო ზომები ძალაში მანამდე დარჩება, სანამ პოლონეთი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამრთლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილება. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო პოლონეთისგან მოსამართლეების დისციპლინური პალატის დათხოვნასა და სასამართლო იმუნიტეტის მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს.

ბრიუსელში ფიქრობენ, რომ დისციპლინური პალატა საფრთხეს უქმნის პოლონეთში დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას და მოსამართლეებს პოლიტიკური კონტროლის სუბიექტებად აქცევს.

ვარშავა ამტკიცებს, რომ სასამართლო რეფორმა კომუნისტური რეჟიმის ნარჩენებისგან გათავისუფლების ერთადერთი გზაა.

ბრიუსელმა პოლონეთს არაერთხელ მოუწოდა დამორჩილებიოდა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა.

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლონეთის მთავრობის პრესმდივანი პიოტრ მიულერი Twitter-ზე  გამოეხმაურა.

„სასამართლო სისტემის რეგულირება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ექსკლუზიური უფლებაა. ჩვენი ქვეყნის მიმართ გამოყენებული სასჯელი და შანტაჟი არასწორია. ეს არ არის მოდელი, რომლითაც ევროკავშირი უნდა ფუნქციონირებდეს, რადგან ის სუვერენული სახელმწიფოების გაერთიანებაა,“ – აღნიშნულია პიოტრ მიულერის განცხადებაში.

წყარო: https://www.euronews.com/2021/10/27/poland-must-pay-daily-fines-of-1-million-over-its-controversial-judiciary-reforms-ecj-rule?fbclid=IwAR2LQiM7zT23Ed1crmHoRdpUB2t0Zirm1Jh1SMmtCFOchxJgk080W1m_pX0