იტალიის პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც ლგბტქ+ ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულის კრიმინალიზებას ახდენდა

იტალიის პარლამენტმა ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც ლგბტქ+ ადამიანების მიმართ ჩადენილი დანაშაულის კრიმინალიზებას ახდენდა

იტალიელმა სენატორებმა ჩააგდეს კანონპროექტი, რომელსაც ლგბტქ+ ადამიანების მიმართ ძალადობისა და სიძულვილის ენის გამოყენების კრიმინალიზება უნდა მოეხდინა.

ახალ ინიციატივას მემარჯვენე ფრთის პარტიები და კათოლიკე კონსერვატორები დაუპირისპირდნენ.

ახალი კანონპროექტის ოპონენტები აცხადებდნენ, რომ ის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვას და გენდერის, როგორც სოციალური კონსტრუქციის შესახებ კონცეფციის დაკანონებას გამოიწვევდა. მემარჯვენე ფრთის წარმომადგენლებმა უარყვეს წინადადება სკოლებში ანტიჰომოფობიური დღის დაწესებასთან დაკავშირებით. დებატებში ვატიკანიც ჩაერია და განაცხადა, რომ ახალი კანონპროექტი საფრთხეს უქმნის კათოლიკეების გამოხატვის თავისუფლებას.

მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი პარლამენტარები კანონპროექტის ჩავარდნას ოვაციებით შეხვდნენ.

პარტია „ლიგის“ ლიდერმა მატეო სალვინიმ კანონპროექტის მომხრე მემარცხენე ფრთის წარმომადგენელი პარტიები ქედმაღლობაში დაადანაშაულა. მან მემარცხენეებს ახალი ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის შემუშავება ურჩია, რომელიც გენდერის თეორიას გამორიცხავს, ადამიანის შეხედულებების კრიმინალიზაციას არ ახდენს და განათლების თავისუფლებას იცავს.

სილვიო ბერლუსკონის პარტია „წინ, იტალიის“ წარმომადგენელმა ლიცია რონზულიმ განაცხადა, რომ მემარცხენეები იდეოლოგიურად ხისტები არიან.

„ჩვენ ერთად ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვეძლო, მაგრამ მათ იდეოლოგიური კანონის დამტკიცება მოისურვეს, რომელიც პარლამენტის დაყოფას გამოიწვევდა,“ – აღნიშნა ლიცია რონზულიმ.