პოლონეთი ევროკავშირის მიერ დაწესებული ჯარიმების გადახდაზე უარს აცხადებს

პოლონეთი ევროკავშირის მიერ დაწესებული ჯარიმების გადახდაზე უარს აცხადებს

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა ზბიგნევ ზიობრომ განაცხადა, რომ პოლონეთი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ დაწესებულ ჯარიმებს არ გადაიხდის.

„პოლონეთს არ აქვს შესაძლებლობა და არც უნდა გადაიხადოს არცერთი ზლოტი,” – აღნიშნა ზბიგნევ ზიობრომ.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის თქმით, ქვეყნის მთავრობას არ აქვს უფლება უკანონობას დამორჩილდეს. ზიობროს მტკიცებით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები უკანონოა.

ევროკავშირსა და პოლონეთს შორის უთანხმოება პოლონეთის მიერ სასამართლო სისტემაში გატარებულ რეფორმებს უკავშირდება, რომელსაც ბრიუსელი მიუღებლად მიიჩნევს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ პოლონეთს ჯარიმის სახით დღიურად ერთი მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. ევროკავშირის სასამართლო პოლონეთისგან უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის გაუქმებას მოითხოვს, რადგან თვლის, რომ ის ხელს უშლის პოლონეთში დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ქვეყანა არც ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ 20 სექტემბერს ტუროვის ქვანახშირის მაღაროსთან დაკავშირებული დავის გამო დაწესებული ჯარიმის გადახდას აპირებს. ტუროვის ქვანახშირის მაღარო ჩეხეთის საზღვართან მდებარეობს. ჩეხეთში თვლიან, რომ მაღაროს მუშაობა გარემოს ეკოლოგიურ ზიანს აყენებს, რის გამოც მისი ფუნქციონირების შეწყვეტას მოითხოვენ. ჩეხეთმა პოლონეთს ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოში უჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით პოლონეთს მაღარო უნდა დაეხურა. პოლონეთი არ დაემორჩილა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილებას, რის გამოც მას 20 სექტემბერს ჯარიმის სახით დღიურად 500 000 ევროს გადახდა დაეკისრა.