რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იამალის ნახევარკუნძულის რესურსის ათვისებასთან დაკავშირებით განხადება გააკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იამალის ნახევარკუნძულის რესურსის ათვისებასთან დაკავშირებით განხადება გააკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იამალის ნახევარკუნძულის რესურს პოტენციალის ათვისებასთან დაკავშირებით ვიდეო კონფერენცია გამართა.

ვლადიმერ პუტინმა კონფერენციაზე რუსეთის საწვავისა და ენერგიის, ასევე გაზის სეგმენტის განვითარებისთვის პერსპექტიული პროექტები მიმოიხილა. რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ევროპაში გაზის ფასების არასტაბილურობას და აღნიშნა, რომ 1000 კუბური მეტრი გაზის ფასი 1000 დოლარს აღემატება, ხოლო მიწისქვეშა გაზსაცავებში გაზის რეზერვი ბოლო 5 წლის მაჩვენებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება.

„ევროპაში არსებული ვითარება  გაზის ადგილობრივი წარმოების კლებით და ევროპულ ბაზარზე თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებით არის გამოწვეული,“ – აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ „გაზპრომი“ ევროპის ქვეყნებთან დადებულ გრძელვადიან შეთანხმებებს სრულფასოვნად ასრულებს.

ვლადიმერ პუტინმა „გაზპრომის“ გენერალურ დირექტორს ალექსეი მილერს დაავალა, რომ რუსეთში მიწისქვეშა გაზსაცავების გაზით დატუმბვის სამუშაოების დასრულების შემდეგ ავსტრიასა და გერმანიაში „გაზპრომის“ მიწისქვეშა გაზსაცავებში გაზის მოცულობის გასაზრდელად მუშაობა დაიწყონ.

„ეს შესაძლებლობას მოგვცემს სტაბილურად, რიტმულად და საიმედოდ შევასრულოთ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებები, რაც ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე ხელსაყრელ ვითარებას შექმნის,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ონლაინ კონფერენციაზე ვლადიმერ პუტინმა იამალის ნახევარკუნძულის რესურს პოტენციალის შესახებაც ისაუბრა.

„მინდა ავღნიშნო, რომ XXI საუკუნეში იამალის გაზის წარმოების ცენტრი რუსეთის გაზის ინდუსტრიის განვითარებისთვის მთავარ გასაღებს წარმოადგენს. მხოლოდ „გაზპრომის“ რეზერვი ამ რეგიონში 20 ტრილიონ კუბურ მეტრს აღემატება, ხოლო იამალო-ნენეცის ავტონომიურ რაიონში ჯამური რეზერვი 50 ტრილიონ კუბურ მეტრს აჭარბებს. იამალის ნახევარკუნძულზე წარმატებით ხორციელდება ფართომასშტაბიანი პროექტები, ვითარდება ბოვანენკოვსკის უმსხვილესი საბადო. ამ რეგიონში გაზის წარმოება ასწლეულს ან უფრო მეტხანს გაგრძელდება,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინმა იამალის ნახევარკუნძულზე უცხოელი პარტნიორების დახმარებით თხევადი ბუნებრივი აირის წარმოების ახალი პროექტების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, რეგიონში ნულიდან აშენდა საბეტას არქტიკული პორტი და ფუნქციონირებს თხევადი ბუნებრივი აირის ორი საწარმო. „იამალი“ წელიწადში 19 მილიონ ტონა თხევად ბუნებრივ აირს აწარმოებს, „არქტიკი“ კი – 20 მილიონ ტონას.

„ეს პროექტები  ადგილობრივ და გარე ბაზარზე მოთხოვნის გრძელვადიან პერსპექტივაში დაკმაყოფილებას შეუწყობს ხელს და ევრაზიის კონტინენტის ენერგოუსაფრთხოებასაც უზრუნველყოფს,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.