უნგრეთი და პოლონეთი ევროკავშირს საფრთხეს უქმნიან – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კატარინა ბარლი

უნგრეთი და პოლონეთი ევროკავშირს საფრთხეს უქმნიან – ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი კატარინა ბარლი

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა კატარინა ბარლიმ პოლონეთის მთავრობა ევროკავშირისთვის საფრთხის შექმნაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ანტიევროპულ ტრენდს არ დაუპირისპირდებიან, ევროკავშირი აღარ იარსებებს.

კატარინა ბარლის მტკიცებით, ევროკავშირის მიმართ გაჩენილი ნეგატიური განწყობების წყარო უნგრეთია.

„ზვავის ეფექტი უნგრეთიდან წამოვიდა. იქ შექმნილი ვითარების გამო დემოკრატიაზე საუბარი შეუძლებელია,“ – აღნიშნა კატარინა ბარლიმ.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ პოლონეთის მთავრობამ „ავტოკრატიული აზროვნება“ უნგრეთის პრემიერ-მინისტრისგან აითვისა.

„უნგრეთი და პოლონეთი წლების მანძილზე ცდილობდნენ შეეცვალათ ჩვენი წარმოდგენები დემოკრატიასა და კანონის უზენაესობაზე. ვშიშობ, რომ თუ არაფერს ვიღონებთ, ევროკავშირი აღარ იარსებებს,“ –  განაცხადა კატარინა ბარლიმ.

ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი უნგრეთისა და პოლონეთის კრიტიკით და მათი მისამართით აგრესიული რიტორიკით გამოირჩევა. გასულ წელს პოლემიკა გამოიწვია კატარინა ბარლის სიტყვებმა, როდესაც მან ევროკავშირს მოუწოდა პოლონეთი და უნგრეთი „ეშიმშილებინა.“ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელების მიერ პოლონელებისადმი სასტიკი მოპყრობის მაგალითის გათვალისწინებით, პოლონელმა და გერმანელმა პოლიტიკოსებმა ბარლის განცხადება დაგმეს. მიუხედავად ამისა, კატარინა ბარლი პოლონეთისა და უნგრეთის მისამართით აგრესიულ რიტორიკას განაგრძობს.