დიდი ოცეულის სამიტი ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების გაზრდის მოთხოვნით გაიხსნა

დიდი ოცეულის სამიტი ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების გაზრდის მოთხოვნით გაიხსნა

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ დიდი ოცეულის სამიტზე მკაფიო განცხადება გააკეთა, რომ ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების მიწოდების ტემპი უნდა გაიზარდოს. მისი თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინების მიწოდებას შორის არსებული სხვაობები მორალურად მიუღებელია.

დრაგის განცხადებით, მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 3%-ია ვაქცინირებული, მაშინ როდესაც მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის სულ მცირე 70%-ს ვაქცინის ერთი დოზა მაინც აქვს მიღებული.

გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის თქმით, გეოპოლიტიკური განხეთქილება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად გლობალური ვაქცინაციის გეგმის ხელისშემშლელი ფაქტორი გახდა.

კლიმატის ცვლილება, ვაქცინაცია, ეკონომიკის აღდგენა და საერთაშორისო გადასახადები ის საკითხებია, რომლებზეც პოლიტიკოსები იმსჯელებენ.

სამიტის გახსნის სხდომაზე საერთაშორისო ჯანდაცვისა და ეკონომიკის საკითხები განიხილეს. მდიდარმა ქვეყნებმა ვაქცინაცია და  მასტიმულირებელი დანახარჯები ეკონომიკის განახლებისთვის გამოიყენეს. არსებობს რისკი, რომ ღარიბი ქვეყნები, რომლებიც გლობალური ეკონომიკური ზრდის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ, ფინანსური სიძნელეებისა და ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო მდიდარ ქვეყნებს ჩამორჩებიან.

ევროკავშირის ლიდერები აფრიკელ ლიდერებს შეხვდებიან, რათა  კონტინენტის ყველაზე ღარიბ ქვეყნებს კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში მხარდაჭერა გამოუცხადონ. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟუნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მას დიდი ოცეულის სამიტზე აფრიკის ქვეყნების ეკონომიკის გასაძლიერებლად დამატებით 100 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების იმედი აქვს.

იტალია იმედს გამოთქვამს, რომ დიდი ოცეულის სამიტი უზრუნველყოფს ძირითადი ვალდებულებების აღებას იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც გლობალური ეკონომიკის 80%-ს წარმოადგენენ და პასუხისმგებლები არიან გლობალური მასშტაბით დიდი რაოდენობით ნახშირორჟანგის გამონაბოლქვზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხია გაეროს კლიმატის კონფერენციის წინ, რომელიც კვირას შოტლანდიაში გაიმართება. რომში დიდი ოცეულის სამიტზე მყოფი ლიდერების უდიდესი ნაწილი სამიტის დასრულების შემდეგ  გლაზგოში კლიმატის კონფერენციაზე გაემგზავრება. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის ლიდერი ქსი ჯინპინგი კონფერენციაში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებენ.

არსებობს მოლოდინი, რომ ლიდერები დიდი ოცეულის სამიტზე მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ. ისინი ფორმალურად აიღებენ ვალდებულებას 2023 წლისთვის 15%-ის ოდენობის მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადის  დაწესებაზე.

მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადის დაწესების გადაწყვეტილებას თეთრი სახლის წარმომადგენლები აქებენ. ეს გადაწყვეტილება აშშ-ში 60 მილიარდი დოლარის დამატებით წლიურ შემოსავალს შექმნის. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მინიმალური გლობალური კორპორაციული გადასახადის შესახებ შეთანხმების მიღწევა საკვანძო მნიშვნელობისაა, რადგან ტრანსნაციონალური კორპორაციების სათაო ოფისების დიდი ნაწილი სწორედ აშშ-ში მდებარეობს.