პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა

პოლონეთის პარლამენტმა ბელარუსის საზღვარზე კედლის მშენებლობის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. კედლის მშენებლობას პოლონეთი მიგრანტთა გაზრდილი ნაკადების შესაკავებლად იწყებს. მიგრანტები ქვეყანაში შესვლას უკანონოდ ცდილობენ.

ბოლო თვეების განმავლობაში პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას ათასობით მიგრანტი ცდილობდა. მათი უდიდესი ნაწილი ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებიდანაა.

ევროკავშირი ბელარუსს მიგრანტებისთვის პოლონეთისკენ სვლის ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ევროპაში თვლიან, რომ ბელარუსი ლუკაშენკოს მთავრობისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო შურისძიებას ცდილობს.

5,5 მეტრის სიმაღლის კედელი მოძრაობის სენსორებითა და მონიტორინგის სისტემით იქნება აღჭურვილი. კედელი პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის ნახევარზე იქნება გადაჭიმული, რაც 400 კილომეტრიანი სიგრძის მონაკვეთია. პოლონეთის მთავრობა კედლის აშენებას მომავალი წლის ზაფხულისთვის გეგმავს.  პროექტზე 353 მილიონი ევრო დაიხარჯება. პარლამენტის მიერ კანონის დამტკიცების შემდეგ მას ხელი უნდა მოაწეროს პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.

პოლონეთის მთავრობის ინფორმაციით, ყოველდღიურად პოლონეთის საზღვრის უკანონოდ  გადაკვეთას ბელარუსიდან შესული  500-მდე  ადამიანი ცდილობს. გასული წლის განმავლობაში მხოლოდ 120 მსგავსი მცდელობა დაფიქსირდა.