სპორტული ტანსაცმლის ამერიკული კომპანია Nike-ის 200-მდე საკონტრაქტო ქარხანამ ვიეტნამში მუშაობა განაახლა

სპორტული ტანსაცმლის ამერიკული კომპანია Nike-ის 200-მდე საკონტრაქტო ქარხანამ ვიეტნამში მუშაობა განაახლა

სპორტული ტანსაცმლის ამერიკული კომპანია Nike-ის 200-მდე საკონტრაქტო ქარხანამ ვიეტნამში მუშაობა განაახლა. ვიეტნამის მთავრობის განცხადებას Reuters ავრცელებს. სააგენტოს შეფასებით, COVID-19-ის პანდემიის გამო, Nike-ის ქარხნების რამდენიმეთვიანი გაჩერების შემდეგ, მთავრობა წარმოების ძირითადი სექტორის დაბრუნებას ცდილობს.

ვიეტნამში Nike-ის ფეხსაცმლის საწარმოთა, თითქმის, 80% და მისი ტანსაცმლის პროვაიდერების ნახევარი იძულებული გახდა, ივლისის შუა რიცხვებში წარმოება შეეწყვიტა. ამის მიზეზი ეპიდემიის გავრცელების შესაჩერებლად, გადაადგილებაზე ხელისუფლების მიერ დააწესებული შეზღუდვები იყო. ამერიკული სპორტული გიგანტის ფეხსაცმლის თითქმის ნახევარი ვიეტნამში მზადდება.

მიმდინარე წლის შუა რიცხვებამდე ვიეტნამს, კოროვირუსის შეკავების მხრივ, მსოფლიოში საუკეთესო მაჩვენებელი ჰქონდა. ქვეყნისთვის გადამწყვეტი საწარმოო სექტორი შეზღუდვების შედეგად შეფერხებით, მაგრამ მაინც მუშაობდა. თუმცა მაისის შემდეგ ვითარება გაუარესდა, რადგან ქვეყნის სამხრეთ ეკონომიკურ ცენტრ ჰოჩიმინში ეპიდემია გაჩნდა და წარმოების მიმდებარე პროვინციებზეც გავრცელდა. მთავრობის მიერ საწარმოების დახურვამ უცხოური ბიზნეს-ჯგუფების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ოპერაციებს საზღვარგარეთ გადაიტანდნენ.

სამთავრობო შეზღუდვები ერთი თვის წინ გაუქმდა, მაგრამ ქვეყანა მუშახელის დეფიციტის წინაშე დადგა. ვიეტნამში ქსოვილებისა და ფეხსაცმლის წარმოებაში, მინიმუმ, 3 მილიონი ადამიანი მუშაობს. მთავრობამ სამრეწველო პარკებში მომუშავე თანამშრომლების ვაქცინაციას პრიორიტეტი მიანიჭა, რათა წარმოების განახლებას ხელი შეუწყოს.

პრემიერ-მინისტრ ფამ მინ ჩინჰსა და Nike-ის მდგრადობის მთავარ ოფიცერ ნოელ კინდერს შორის, COP 26-ის სამიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც გავრცელებულ სამთავრობო განცხადებაში ნათქვამია, რომ Nike ვიეტნამში ინვესტიციებისა და წარმოების გაფართოებას გააგრძელებს.

ვიეტნამში დღემდე 930 000-ზე მეტი ინფიცირებისა და 22 000 გარდაცვალების შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნის მოსახლეობის, დაახლოებით, მესამედი სრულად ვაქცინირებულია.