CNN - აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ აღიარა, რომ მოგზაურობებს დონორი უფინანსებდა
საზოგადოება
CNN - აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ აღიარა, რომ მოგზაურობებს დონორი უფინანსებდა

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე კლერენს თომასმა დაადასტურა, რომ ბალიზე მოგზაურობა რესპუბლიკური პარტიის უმსხვილესმა დონორმა ჰარლენ ქროუმ დაუფინანსა. როგორც CNN წერს, აღნიშნული მოგზაურობა გასულ წელს საგამოძიებო გამოცემა ProPublica-ს ანგარიშში მოხვდა, რასაც აქტიური დისკუსიები მოჰყვა მოსამართლეების ძვირად ღირებული დასვენების შესახებ.

თავად თომასმა ბალიზე მოგზაურობა „ახლო მეგობრების მხრიდან სტუმართმოყვარეობით“ ახსნა.

„თომასის ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშებში გვხვდება მოგზაურობები, საჩუქრები და სხვა სახის შემოსავლები, მათ შორის, ბალიზე 2019 წლის მოგზაურობა. ანგარიშის მიხედვით, ჰარლენ და ქეთი ქროუებმა მას დაუფინანსეს ღამისთევისა და კვების ხარჯები“, - ნათქვამია ინფორმაციაში. 

თომასმა ინფორმაცია აგრეთვე გაავრცელა მონტე-რიოში მოგზაურობაზე, რომელიც ჰარლენ ქროუს კომპანიის, Trammell Crow Company-ს დაფინანსებული აღმოჩნდა. 

„კანონის მოთხოვნით, ხარჯების შესახებ ყოველწლიურად გასაჯაროებული ინფორმაცია მხოლოდ მიახლოებით წარმოდგენას გვიქმნის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების ფინანსური მდგომარეობის შესახებ. თუმცა, ბოლო წლებში ეს ინფორმაციები დიდ ყურადღებას იპყრობს ეთიკური სკანდალების სერიის ფონზე, საიდანაც ირკვევა, რომ ზოგიერთი მოსამართლე კერძო თვითმფრინავებით ფრენასა და ძვირადღირებულ დასვენებაზე უარს არ ამბობს“, - ნათქვამია CNN-ის სტატიაში.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამ განხილვების ცენტრში კლერენს თომასი და სამუელ ალიტო მოხვნენ.

„ალიტო კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა კერძო თვითმფრინავით ძვირადღირებულ სათევზაო ტურში წასვლის გამო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, უმაღლესმა სასამართლომ ისტორიაში პირველად მიიღო ქცევის კოდექსი, თუმცა, როგორც „სიენენი“ წერს, აღნიშნულ დოკუმენტს ექსპერტები და ზოგიერთი დემოკრატი კანონმდებელი სკეპტიციზმით უყურებენ, რადგან მასში აღსრულების არანაირი მექანიზმი არ არის გათვალისწინებული.

 

https://newshub.ge/news/msoflio/ashsh-is-uzenaesi-sasamartlos-mosamartlem-aghiara-rom-mogzaurobebs-donori-uphinansebda-cnn

https://edition.cnn.com/2024/06/07/politics/clarence-thomas-harlan-crow-bali/index.html