ქვეყანაში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება

ქვეყანაში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება

ქვეყანაში წისქვილკომბინატები ერთმანეთის მიყოლებით იხურება, ასეულობით ტონა ფქვილი კი დასაწყობებულია და კომპანიები მის რეალიზაციას ვეღარ ახერხებენ იმის გამო, რომ იმპორტირებულ რუსულ ფქვილს კონკურენციას ვეღარ უწევენ. ვითარება   მას შემდეგ შეიცვალა, რაც მეზობელი ქვეყანა  ზრდის საბაჟო გადასახადს.

მარცვლეულსა და ფქვილს შორის იმხელა სხვაობაა, რომ წისქვილკომბინატების მუშაობას აზრი დაეკარგა. შესაბამისად, ახლა რუსეთიდან საქართველოში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შემოდის ფქვილი, რომლის ფასი ადგილობრივი წისქვილკომბინატების წარმოებული პროდუქტის თვითღირებულებაზე ნაკლებია. ბაზარზე შექმნილი არათანაბარი პირობების გამო წისქვილებს მუშაობის გაგრძელება აღარ უღირთ. სწორედ ამ მიზეზით წარმოება გააჩერეს წისქვილკომბინატებმა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.

წარმოება შეწყვიტა და 60 დასაქმებული უხელფასო შვებულებაში გაუშვა შპს „ქართულმა ხორბალმა“, რომელიც წისქვილკომბინატს გორში ფლობს. მუშაობა შეაჩერა გორში მდებარე კიდევ ერთმა წისქვილმაც.

„ჩვენს საწყობში 7 000 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი დევს, რომლის თვითღირებულება 70 ლარია. ჩვენი მომხმარებელი, მათ შორის ფურნეები გვეუბნებიან, რომ რუსულ ფქვილს 67-68 ლარად ყიდულობენ. სხვაობა იმპორტულ და ადგილობრივ წარმოებულ ფქვილს შორის 4 ლარია, ამიტომ არ უღირთ. ასევე „იფქლი დიღომს“ ვამარაგებდით, იმავე მიზეზით მათაც შეწყვიტეს ჩვენთან თანამშრომლობა.

მსგავსი რეალობაა გორში მდებარე კიდევ ერთ წისქვილში. ჩემი ინფორმაციით, „კარმენსაც“ შეჩერებული აქვს წარმოების პროცესი და თანამშრომლების დიდი ნაწილიც უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. ფქვილს ვერ ყიდიან და წისქვილი გააჩერეს“, - აცხადებს „ბიზეს მედიასთან“ „ქართული ხორბლის“ წარმომადგენელი, ირაკლი ხითარიშვილი.

ცოტა ხნის წინ გაჩერდა ბათუმში მდებარე წისქვილკომბინატი „ოქროყანაც“. როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა ნოდარ მელიქიშვილმა განაცხადა, მათ მსგავსად წარმოება გააჩერა კიდევ ორმა ხორბლის გადამამუშავებელმა საწარმომ და ამდენივე წისქვილი გაიზიარებს მათ ბედს, რაც ხორბლის მარაგებს ამოწურავს.

ის, რომ ფქვილის ადგილობრივ წარმოებას იმპორტირებული ანაცვლებს, ეს კარგად ჩანს ოფიციალურ სტატისტიკაში. წელს, 9 თვეში ქვეყანამ რუსეთიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორჯერ მეტი მოცულობის (2020 იანვარ-სექტემბერი - 1.8 მლნ 6.7 ათასი ტონა, 2021 წლის იანვარ-სექტემბერი 15.8 ათასი ტონა) 4.6 მილიონი (2020 წლის 9 თვე - 1,8 მლნ) დოლარის ღირებულების ფქვილი შეიძინა.

საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის ღირებულება ბოლო ათწლეულის ისტორიულ მაქსიმუმზეა. დღეს იმპორტირებული ერთი ტონა ხორბალი 350 დოლარი ღირს. როგორც იმპორტიორები ამბობენ, მხოლოდ ბოლო ერთ თვეში ხორბალი 30 დოლარით არის გაძვირებული.

ხორბალს კიდევ უფრო აძვირებს მთავარი მომწოდებლის, რუსეთის მიერ იმპორტზე დაწესებული საბაჟო ტარიფი, რამაც ტონა ხორბალზე 70 დოლარს უკვე მიაღწია. აღსანიშნავია, რომ რუსეთი საექსპორტო ხორბალზე ბაჟის გაზრდას ისევ გეგმავს. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ლევან სილაგავას თქმით, ასეთი პერსპექტივის განვითარების შემთხვევაში შესაძლოა, პრობლემა გახდეს, საერთოდ გვექნება თუ არა ფქვილი და ხორბალი.

„დღეს პრობლემა ფქვილის ფასი კი არა, სასურსათო უსაფრთხოებაა. ჩვენ თუ შევადარებთ ფქვილის იმპორტსა და ხორბლის იმპორტს, ეს თითქოს ჩვეულებრივი მოვლენაა და ბაზრის მოთამაშეები შეძლებენ გადაწყობას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს იქნება სირთულე, რადგან გარდამავალი მარაგები ქვეყანას აღარ ექნება.

პერსპექტივაში, შეიძლება ფასზე აღარც იყოს საუბარი, საუბარი იქნება იმაზე, ფიზიკურად გვექნება თუ არა ფქვილი და ხორბალი. მიზეზი არის ფქვილის შესანახი ვადა, რომელიც 2 თვეა, მაშინ, როცა ხორბლის შენახვა წლები შეიძლება. ამიტომაა, რომ მთელს მსოფლიოში სტრატეგიული მარაგები არის ხორბალში“, - განაცხადა სილაგავამ.

მცურავი საბაჟო გადასახადი, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის მთავარმა იმპორტიორმა, რუსეთმა მიმდინარე წელს დააწესა და ამჟამად, ტონაზე 69,9 დოლარს შეადგენს. სწორედ ეს არის სხვაობა, იმპორტირებული ფქვილის და ხორბლის ფასს შორის.