საქართველოში შესაძლოა ყავის ფასმა მოიმატოს

საქართველოში შესაძლოა ყავის ფასმა მოიმატოს

„ჩვენი პროდუქცია 12-დან 15%-მდე გავაძვირეთ“- ამის შესახებ ყავა „ჩერის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ლომთათიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ნედლეულის ღირებულება სულ უფრო იმატებს, გლობალურ ბაზარზე მიმდინარე ტენდენცია პირდაპირ ისახება ადგილობრივ ფასებზე.

როგორც ირაკლი ლომთათიძე ამბობს, კომპანიას პროდუქციის მეტად გაძვირება გეგმაში არ აქვს, თუმცა ეს მხოლოდ გლობალურ ბაზარზე იქნება დამოკიდებული. ამასთან, „ჩერის" გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ, მომავალი წლიდან ფასი მცირედით უნდა დასტაბილურდეს.

„ნედლეული აბსოლუტურად ყველას უძვირდება და ვერავინ ვერაფერს იზამს. ყველა იყენებს იგივე ნედლეულს. შესაბამისად, ფასი აქაც იმატებს. არავინ იცის რა იქნება მომავალში, წინასწარ პროგნოზის გაკეთება რთულია. შესაძლოა, მომავალ წელს ველოდოთ მცირე დასტაბილურებას. ჯერჯერობით ძვირდება შეუჩერებლად. ჩვენი პროდუქცია 12-დან 15%-მდე გავაძვირეთ. თუ კიდევ მოიმატა ნედლეულის ფასმა, შესაძლოა, ფასი კიდევ გაიზარდოს, თუ დასტაბილურდა, პრინციპში, მეტად მომატება აღარ იგეგმება“,- აცხადებს ირაკლი ლომთათიძე.

რაც შეეხება მოხმარებას, „ჩერის" გენერალური დირექტორის თქმით, ფასებს მოთხოვნაზე ნეგატიური გავლენა არ მოუხდენია.

„მოთხოვნა შენარჩუნებულია. მეტიც, მზარდია. გლობალური და ადგილობრივი ფასები მოხმარებას არ შეხებია“,- ამბობს ირაკლი ლომთათიძე.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა რაოდენობით და რომელი ქვეყნებიდან ხორციელდება ყავის იმპორტი.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წელს (იანვარ-სექტემბერი) საქართველოში 4,407 ტონა (12,721 მლნ აშშ დოლარი) ყავა შემოვიდა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - 4,539 ტონა (11,309 მლნ აშშ დოლარი).

რაც შეეხება ტოპ-10 ქვეყანას, საიდანაც მიმდინარე წელს პროდუქტის იმპორტი განხორციელდა, ჩამონათვალი ასეთია:

  • ინდონეზია - 2 277 ტონა (4,325 მლნ აშშ დოლარი)
  • ვიეტნამი - 805.4 ტონა (1,511 მლნ აშშ დოლარი)
  • რუსეთი - 401.8 ტონა (1,608 მლნ აშშ დოლარი)
  • გერმანია - 222.8 ტონა (1,207 მლნ აშშ დოლარი)
  • იტალია - 173.2 ტონა (1,688 მლნ აშშ დოლარი)
  • სომხეთი - 139.3 ტონა (414.5 ათასი აშშ დოლარი)
  • უგანდა - 76.8 ტონა (127.2 ათასი აშშ დოლარი)
  • თურქეთი - 58.2 ტონა (375.8 ათასი აშშ დოლარი)
  • კამერუნი - 54 ტონა (86.5 ათასი აშშ დოლარი)
  • საფრანგეთი - 49 ტონა (457.5 ათასი აშშ დოლარი)

ცნობისთვის, ნიუ-იორკის ICE Futures ბირჟაზე ყავის დეკემბრის ფიუჩერსების ფასი ერთ ფუნტზე 2,2 დოლარი გახდა. როგორც Trading Economics წერს, სამშაბათს მიმდინარე ვაჭრობისას არაბიკას სახეობის ყავაზე ფასი 2012 წლის იანვრის მაქსიმუმამდე გაძვირდა. შესაბამისად, მიმდინარე წელს, არაბიკას ყავაზე, აპრილიდან მოყოლებული ფასი 55%-ით არის გაზრდილი.


წყარო: https://www.bpn.ge/article/88324-gazvirdeba-tu-ara-qava-sakartveloshi-kveqnebi-saidanac-produkti-shemodis