აშშ-მა პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა, ჩინეთი სამაგიეროს გადახდით იმუქრება

აშშ-მა პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიური ბოიკოტი გამოუცხადა, ჩინეთი სამაგიეროს გადახდით იმუქრება

ორშაბათს თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ აშშ ჩინეთში ადამიანთა უფლებების შეზღუდვის გასაპროტესტებლად პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს. ჩინეთი იმუქრება, რომ მკაცრ საპასუხო ზომებს მიიღებს.

დიპლომატიური ბოიკოტის მიზეზად აშშ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ სინძიანში ადამიანთა უფლებების დარღვევასა და უიღურ მუსლიმთა მიმართ სასტიკ მოპყრობას ასახელებს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის ჯენ ფსაკის თქმით, ამერიკელი სპორტსმენები ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან.

„სპორტსმენებს ჩვენი სრული მხარდაჭერა ექნებათ, მათ სახლიდან ვუგულშემატკივრებთ. ჩვენ ადამიანის უფლებების ხელშეწყობის ფუნდამენტური ვალდებულება გვაქვს. ჩვენს პოზიციაზე მყარად ვდგავართ და განვაგრძობთ ზომების მიღებას ადამიანთა უფლებების გასაუმჯობესებლად, როგორც ჩინეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ,“ – განაცხადა ჯენ ფსაკიმ.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ რობერტ მენენდესმა დიპლომატიური ბოიკოტის გადაწყვეტილება მოიწონა.

„ეს აუცილებელი ნაბიჯია, რათა ჩინეთის მთავრობის მიერ გამოვლენილი უკიდურესი ჩაგვრის ფონზე ადამიანთა უფლებებისადმი ჩვენი ურყევი ერთგულების დემონსტრირება მოვახდინოთ. მოვუწოდებ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებს, რომლებიც ჩვენს ღირებულებებს იზიარებენ შემოუერთდნენ აშშ-ის დიპლომატიურ ბოიკოტს,“ – განაცხადა რობერტ მენენდესმა.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა აშშ-ის დიპლომატიურ ბოიკოტს „აშკარა პოლიტიკური პროვოკაცია“ უწოდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს ჩინეთი.

„ამერიკელი ბოლიტიკოსები მოწვევის გარეშე აგრძელებენ პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ე.წ. დიპლომატიურ ბოიკოტს. ეს შთაბეჭდილების მოსახდენი თამაშია. თუ აშშ თავის განზრახვებს ამ გზით მიმართავს, ჩინეთი საპასუხო ზომებს მიიღებს,“ – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.

დიპლომატიური ბოიკოტის გადაწყვეტილების მიღების პარალელურად აშშ ჩინეთთან მშფოთვარე ურთიერთობების სტაბილიზაციას ცდილობს. მიუხედავად ამისა, ის  მთელ რიგ  სადავო საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ვაჭრობისა და ადამიანთა უფლებების საკითხები, ჩინეთისადმი მკაცრ მიდგომებს ინარჩუნებს .

პეკინის ზამთრის ოლიმპიადის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავს ავსტრალიაც, რომელსაც მთელი რიგი დავების გამო ჩინეთთან ურთიერთობა დაეძაბა.