
ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევებიდან უმრავლესობა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში გამოვლინდა
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში აღრიცხული ომიკრონის შტამით ინფიცირების შემთხვევებიდან უმრავლესობა სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში გამოვლინდა. აშშ-ში ახალი შტამის 43 შემთხვევა დაფიქსირდა.
ომიკრონით ინფიცირებული 43 ადამიანიდან 34 სრულად იყო ვაქცნირებული, მათ შორის 14-ს ვაქცინის ბუსტერ დოზაც ჰქონდა მიღებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფიცირებული პირებიდან ხუთს კორონავირუსი ბუსტერ დოზის მიღებიდან 14 დღის გასვლამდე გამოუვლინდა. დროის ამ მონაკვეთში ვაქცინა სრულფასოვან დაცვას ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს.
აშშ-ში ომიკრონით ინფიცირების შემთხვევების სიმცირის მიუხედავად, ახალი შტამის წინააღმდეგ ვაქცინების ეფექტიანობასთან დაკავშირებით შეშფოთება მატულობს.
ომიკრონის შტამი პირველად ნოემბრის ბოლოს სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს. კორონავირუსის ახალი ვარიანტი აშშ-ის 22 შტატშია დაფიქსირებული.
ინფიცირებული 43 ამერიკელიდან 25 18-დან 39 წლამდე ასაკისაა, 14 მათგანს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს. 6 ადამიანი კორონავირუსით მანამდეც იყო ინფიცირებული.
აშშ-ში დაავადებულთა უმრავლესობას მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ერთ-ერთ ინფიცირებულს ორი დღით ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.
CDC-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ომიკრონი უმეტესად მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, მაღალი გადამდებლობის გამო ის კლინიკური სექტორის გადატვირთვის რისკს ზრდის.
ახალი ლაბორატორიული კვლევების შედეგების თანახმად სავარაუდოა, რომ ომიკრონის შტამმა ვაქცინების დაცვის უნარის შესუსტება გამოიწვიოს, თუმცა ბუსტერ დოზამ, შესაძლოა, ვირუსის მიმართ დაცვა აღადგინოს.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის