ჯანმოს ექსპერტები კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბავშვებისა და მოზარდების საყოველთაო ვაქცინაციას მხარს არ უჭერენ

ჯანმოს ექსპერტები კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ ბავშვებისა და მოზარდების საყოველთაო ვაქცინაციას მხარს არ უჭერენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის ექსპერტთა სტრატეგიული საკონსულტაციო ჯგუფი კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ  ბავშვებისა და მოზარდების საყოველთაო ვაქცინაციას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ საუბარია ჯანმოს მიერ ვაქცინების ბუსტერ დოზების გამოყენებასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში.

„ამ ეტაპზე ბავშვებისა და მოზარდების საყოველთაო ვაქცინაციის რეკომენდაციას არ გავცემთ, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში სერიოზული ავადობის შემთხვევები დაბალია. იმ ადამიანებში, რომლებსაც მძიმე ავადობის მაღალი რისკი აქვთ, ვაქცინებით მაღალი მოცვა მიღწეული არ არის,“- აღნიშნულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტების ინფორმაციით, მათემატიკურმა მოდელირებამ აჩვენა, რომ სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირება შესაძლებელია არა დაბალი რისკ-ჯგუფების ვაქცინაციით, არამედ მაღალი რისკ-ჯგუფებისთვის ბუსტერ დოზების მიწოდებით.

ჯანმოს გენერალური დირექტორის ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, პანდემია, შესაძლოა, 2022 წელს დასრულდეს, თუ მსოფლიო მოსახლეობის 70% აიცრება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის მტკიცებით, საყოველთაო რევაქცინაციის პროგრამებმა, შესაძლოა, პანდემია გაახანგრძლივოს. ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, მდიდარი ქვეყნები მეტ ვაქცინას გამოიყენებენ, ღარიბ ქვეყნებს კი ვაქცინების დეფიციტის პრობლემა შეექმნებათ.

ჯანმოს გენერალური დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების უმრავლესობა არავაქცინირებულ ადამიანებზე მოდის და არა ორჯერადად აცრილებზე.

„ბუსტერების ხარჯზე პანდემიას ვერცერთი ქვეყანა ვერ დააღწევს თავს,“ – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანმოს ექსპერტებმა ბუსტერ დოზების სამიზნე ჯგუფებად ჯანდაცვის მუშაკები, ასაკოვანი ადამიანები და დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები დაასახელეს.