ნიუ-იორკის შტატის მთავრობა კორონავირუსის სამკურნალო საშუალებების განაწილებისას უპირატესობას არათეთრკანიან ადამიანებს მიანიჭებს

ნიუ-იორკის შტატის მთავრობა კორონავირუსის სამკურნალო საშუალებების განაწილებისას უპირატესობას არათეთრკანიან ადამიანებს მიანიჭებს

ნიუ-იორკში კოვიდ-19-ის ახალი ტალღის პირობებში შტატის მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო ანტივირუსული მკურნალობის შეთავაზებისას პრიორიტეტი არათეთრკანიან ადამიანებს მიანიჭოს. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ „ხანგრძლივი სისტემური ჯანდაცვისა და სოციალური უთანასწორობის“ არსებობით ახსნა.

გასულ კვირას ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა დოკუმენტი სათაურით: „კორონავირუსის სამკურნალო SARS-CoV-2-ის საწინააღმდეგო მონოკლონური ანტისხეულებისა და ორალური ანტივირუსული პრეპარატების პრიორიტეტიზაცია შეზღუდული რესურსების პირობებში.“ დოკუმენტში წარმოდგენილია ნუსხა, თუ ვის უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მონოკლონური ანსიტხეულებისა და აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს მიერ გადაუდებელი გამოყენებისთვის ავტორიზებული ანტივირუსული ორალური პრეპარატების მიღებაზე.

ნიუ-იორკის შტატის მთავრობის გადაწყვეტილებით, პრიორიტეტი მაღალი რისკ-ფაქტორების მქონე ადამიანებს მიენიჭებათ, მათ შორის იმუნოკომპრომეტირებულ პირებს, 65 წელს გადაცილებულ და ჭარბწონიან ადამიანებს.  დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ნებისმიერი ინფიცირებული ადამიანი, რომელიც თეთრკანიანი არ არის, „არსებული უთანასწორობის გამო“ თეთრკანიანებთან შედარებით პრიორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

არათეთრკანიანი რასის ადამიანები რისკ-ჯგუფებად უნდა განვიხილოთ, რადგან ხანგრძლივმა, სისტემურმა ჯანდაცვისა და სოციალურმა უთანასწორობამ ხელი შეუწყო მძიმე ავადობისა და სიკვდილობის რისკის გაზრდას,“ – აღნიშნულია შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის განცხადებით, რასა და ეთნიკურობა ერთ-ერთ რისკ-მარკერს წარმოადგენს სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად, რომლებიც ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს. მათ შორისაა, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, სამუშაო პირობები და ა.შ.

ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის რეკომენდაციით, ადამიანებისთვის მონოკლონური ანტისხეულებისა და ორალური ანტივირუსული პრეპარატების შეთავაზებისას პრიორიტეტული ჯგუფების განსაზღვრისთვის რასის გათვალისწინება უნდა მოხდეს.

მაისში აშშ-ის პრეზიდენტის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ პანდემიამ აშშ-ში „რასიზმის უდავო შედეგები გამოავლინა.” მისი თქმით, ფერადკანიანი ადამიანების ნაწილს დაბადებიდან არახელსაყრელი პირობები აქვს. ისინი სრულფასოვან კვებას ვერ ახერხებენ და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მათთვის პრობლემას წარმოადგენს.