ყაზახეთის მთავრობა ქვეყანაში საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა

ყაზახეთის მთავრობა ქვეყანაში საწვავის ფასის ზრდის გამო დაწყებული ძალადობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ გადადგა

ყაზახეთის  პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 5 იანვარს მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. ცენტრალური აზიის ნავთობით მდიდარ ქვეყანაში საწვავის ფასის ზრდამ საპროტესტო ტალღა გამოიწვია, რის შედეგადაც 100-მდე პოლიციელი დაშავდა.

სამშაბათს პოლიციამ ქალაქ ალმათის ცენტრალური მოედნიდან ასობით მომიტინგის გასაძევებლად ცრემლსადენი გაზი და კვამლის ყუმბარები გამოიყენა. ალმათში, რომელიც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის უდიდესი ქალაქია, შეტაკებები საათობით გრძელდებოდა.

საპროტესტო აქციებმა ყაზახეთის, როგორც პოლიტიკურად სტაბილური და მკაცრად კონტროლირებადი ქვეყნის იმიჯი შეარყია. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამი ათწლეულის მანძილზე ყაზახეთში ნავთობისა და ლითონის მრეწველობაში მილიარდობით დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა.

პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოქმედ მინისტრთა კაბინეტსა და პროვინციების მმართველებს თხევად ბუნებრივ აირზე ფასების კონტროლის აღდგენა უბრძანა. ფასების კონტროლი უნდა გამკაცრებულიყო ბენზინზე, დიზელსა და სხვა სოციალურად მნიშვნელოვან სამომხმარებლო პროდუქტებზე.

პრეზიდენტმა მთავრობას პერსონალური გაკოტრების კანონის შემუშავება დაავალა. მთავრობას კომუნალური გადასახადების გაყინვისა და ღარიბი ოჯახებისთვის ქირის გადასახადის სუბსიდირების საკითხებიც უნდა განეხილა.

ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ქალაქებში, სადაც პროტესტი მძვინვარებდა, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ვითარება გაუმჯობესდა.

ყაზახეთში პროტესტი კვირას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე მანგისტაუს რეგიონში დაიწყო. პროტესტის დაწყების მიზეზი თხევადი ბუნებრივი აირის ფასის მკვეთრი ზრდა გახდა. ყაზახეთის მოქალაქეების დიდმა ნაწილმა ავტომობილები თხევად გაზზე გადაიყვანა, რადგან ის ბენზინთან შედარებით იაფი ღირდა. სამშაბათს მთავრობამ გამოაცხადა, რომ მანგისტაუს რეგიონში თხევადი ბუნებრივი აირის ფასზე ლიმიტს აღადგენდა.

პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ალმათსა და მანგისტაუში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქალაქ ალმათის გარდა სამთავრობო შენობებზე შეტევები ქვეყნის სამხრეთში მდებარე რამოდენიმე ქალაქშიც განხორციელდა. პროსესტანტებთან შეტაკებისას 95 პოლიციელი დაიჭრა. ძალადობრივი პროტესტის მონაწილე 200-ზე მეტი დემონსტრანტი  დააკავეს.