კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია ქვეყნის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევის თხოვნით ყაზახეთში ჯარებს გაგზავნის. აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ავრცელებს, რომელიც ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელია.

ოთხშაბათს ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით ყაზახეთში სამშვიდობო ძალები შეზღუდული ვადით, ვითარების სტაბილიზაციისა და ნორმალიზების მიზნით გაიგზავნება.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სამშვიდობო მისიის შემადგენლობა ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

ოთხშაბათს ყაზახეთის დიდ ქალაქებში მთავრობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა. ხელისუფლებამ  ქვეყნის უდიდეს ქალაქ ალმათზე კონტროლი სრულად დაკარგა. საღამოს სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში საუბრისას თოყაევმა განაცხადა, რომ ყაზახეთში არსებული ვითარება „გარე აგრესიის“  შედეგია. თოყაევის განცხადებით, მან კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ტერორისტული საფრთხის დასაძლევად დახმარების თხოვნით მიმართა.

ყაზახეთში საპროტესტო აქციები 2 იანვარს დაიწყო. მოქალაქეები თხევადი ბუნებრივი აირის ფასის გაორმაგებას აპროტესტებდნენ. ოთხშაბათს აქციის მონაწილეებმა პოლიტიკური მოთხოვნები წამოაყენეს. ისინი 1993 წლის კონსტიტუციის დაბრუნებასაც ითხოვდნენ, რომლის დებულებების თანახმად ყასიმ-ჟომართ თოყაევი ასაკობრივი ზღვრის გადამეტების გამო ქვეყნის პრეზიდენტი ვერ იქნება.