ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს

ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპი დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 6 იანვარს, კაპიტოლიუმზე მომხდარი თავდასხმის წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მკაცრად გააკრიტიკა.

„ჩვენი კონსტიტუცია უდიდესი საფრთხის წინაშე დადგა. სასტიკი თავდასხმის დროს კაპიტოლიუმის დაცვამ, ეროვნულმა გვარდიამ და მამაცმა სამართალდამცავებმა კანონის უზენაესობა გადაარჩინეს,“ – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენს დონალდ ტრამპის სახელი გამოსვლის დროს არ უხსენებია. ის მას „ყოფილ პრეზიდენტად“ მოიხსენიებდა.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად პრეზიდენტმა არჩევნები უბრალოდ კი არ წააგო, ის ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის ხელის შეშლას ცდილობდა, როდესაც მოძალადე ბრბომ კაპიტოლიუმამდე მიაღწია, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არასდროს, არასდროს განმეორდება,“ – დასძინა ჯო ბაიდენმა.

ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი 2020 წლის არჩევნების შესახებ ტყუილების ქსელის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„მან 2020 წლის არჩევნების შესახებ ტყუილების ქსელი შექმნა და გაავრცელა. მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ ძალაუფლებას პრინციპებზე მეტად აფასებს და საკუთარ ინტერესებს ამერიკის ინტერესებზე მაღლა აყენებს. მისი შეურაცხყოფილი ეგო მისთვის ჩვენს დემოკრატიასა და კონსტიტუციაზე უფრო მნიშვნელოვანია. ის ვერ ეგუება მარცხს. მან გააკეთა ის, რაც არცერთ ამერიკის პრეზიდენტს არ გაუკეთებია: არჩევნების შედეგები და ამერიკელი ხალხის ნება არ აღიარა. ვინც კაპიტოლიუმში შეიჭრა, ვინც ისინი წააქეზა და ვინც მათ ამის გაკეთებისკენ მოუწოდა, ამერიკასა და ამერიკულ დემოკრატიას ყელზე ხანჯალი მიაბჯინა, “ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

„ჩინეთსა და რუსეთში ფსონებს დებენ, რომ დემოკრატიის დღეები დათვლილია, რომ ამერიკა მათ დაემსგავსება. მე ამის არ მჯერა. ეს არ არის ის, ვინც ჩვენ ვართ, ვინც ვყოფილვართ ან ოდესმე ვიქნებით,“ – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ჯო ბაიდენის კრიტიკას დონალდ ტრამპი განცხადებით გამოეხმაურა, რომელშიც ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი გააკრიტიკა.

„ჯო ბაიდენმა დღეს ჩემი სახელი ამერიკის კიდევ უფრო დაყოფის მიზნით გამოიყენა. ეს პოლიტიკური თეატრი ყურადღების გადატანაა იმ ფაქტიდან, რომ ჯო ბაიდენმა აბსოლუტური მარცხი განიცადა. ჩვენს ქვეყანას აღარ აქვს საზღვრები, სრულად დაიკარგა კონტროლი კოვიდზე (რეკორდული რიცხვები!), აშშ აღარ არის ენერგოდამოუკიდებელი, ინფლაცია მძვინვარებს, ჩვენი არმია ქაოსშია, ავღანეთიდან ჩვენი გამოსვლა ან დანებება, ალბათ, ყველაზე სამარცხვინო დღე იყო შეერთებული შტატების ხანგრძლივ და გამოჩენილ ისტორიაში,“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დემოკრატებს სურთ, რომ ეს დღე (6 იანვარი) მიისაკუთრონ, რათა ადამიანებში შიში გააღვივონ და ქვეყნის დაყოფა გამოიწვიონ.