
გერმანია, საფრანგეთი და ევროკავშირი ყაზახეთს თავისი მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ მოუწოდებენ
ყაზახეთში მიმდინარე მასობრივი პროტესტების ფონზე გერმანიის მთავრობამ კონფლიქტის მონაწილე მხარეებს წინდახედულობისა და თავშეკავებისკენ მოუწოდა.
გერმანიის მთავრობის სპიკერის თანაშემწემ კრისტიანა ჰოფმანმა 7 იანვარს განაცხადა, რომ ყაზახეთში მიმდინარე მოვლენები და ძალადობის გამოვლენის ფაქტები ბერლინში დიდ შეშფოთებას იწვევს.
„დარწმუნებულები ვართ, რომ ძალადობა ვერასდროს იქნება ადეკვატური პასუხი, ამიტომ ყველა მხარეს დეესკალაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისკენ მოვუწოდებთ,“- განაცხადა კრისტიანა ჰოფმანმა.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უწყება ყურადღებით შეისწავლის ყველა ცნობას ყაზახეთში ამოქმედებული ბრძანების შესახებ, რომელიც შეიარაღებულ ძალებს მომიტინგეებისთვის გაფრთხილების გარეშე სროლისკენ მოუწოდებს.
„გერმანიის მთავრობის მოსაზრებით, ლეტალური ძალის, სამხედრო იარაღის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენება, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმეში შეიარაღებული ძალები არიან ჩართული, ბოლო საშუალება უნდა იყოს. ყაზახეთის მთავრობა და ყველა მაღალი თანამდებობის პირი პასუხისმგებელია ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვაზე,“ – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
„ის, ვინც დემონსტრანტებს მოკვლის მიზნით გაფრთხილების გარეშე ესვრის, ცივილიზებული სახელმწიფოების წრეს ტოვებს,“ – აღნიშნა Twitter-ზე გერმანიის იუსტიციის მინისტრმა მარკო ბუშმანმა.
ყაზახეთში ძალადობის შეწყვეტის მოწოდება ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმაც გააკეთეს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ „ევროკავშირი მზად არის დახმარების გასაწევად იქ, სადაც ეს შესაძლებელია.“ ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ყაზახეთის მოქალაქეების უფლებები და უსაფრთხოება დაცული უნდა იყოს.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის