იენს სტოლტენბერგი – ნატო უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარს არ იტყვის

იენს სტოლტენბერგი – ნატო უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარს არ იტყვის

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, მიუხედავად რუსეთთან ურთიერთობის გამწვავებისა, ნატო ალიანსში უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზე უარს არ იტყვის.

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი მხოლოდ ამ სახელმწიფოსა და ნატოს წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია.

უკრაინის ვიცე-პრემიერთან ოლგა სტეფანიშინასთან შეხვედრამდე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს“ და ნატო მას ამაში დაეხმარება. აშშ-სა და რუსეთს შორის ჟენევაში დანიშნული მოლაპარაკებების წინ, ასევე ბრიუსელსა და ვენაში დანიშნულ მოლაპარაკებებზე საუბრისას იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ „ეს ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კვირაა.“ გარდა ამისა, ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებების მიმართ დიდი მოლოდინები არ აქვს.

„არარეალისტური იქნებოდა იმის მოლოდინი, რომ კვირის ბოლომდე ყველა პრობლემა გადაიჭრება,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატოს გენერალურმა მდივანმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა თავი შეიკავოს უკრაინაზე სამხედრო აგრესიის განხორციელებისგან. მისი თქმით, რუსეთის თავდასხმას უპრეცედენტო პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები მოჰყვება.

რუსეთის ხელისუფლება უკრაინაზე შესაძლო თავდასხმის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მოსკოვი დასავლეთისგან უსაფრთხოების სამართლებრივი გარანტიების მიღებას ითხოვს და ნატოს აღმოსავლეთში გაფართოების წინააღმდეგია.