იტალიაში ბარებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არავაქცინირებული მოქალაქეები არ დაიშვებიან

იტალიაში ბარებში, რესტორნებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში არავაქცინირებული მოქალაქეები არ დაიშვებიან

ორშაბათს იტალიაში არავაქცინირებული მოქალაქეებისთვის ახალი შეზღუდვები ამოქმედდა, რომლის თანახმად ისინი კოვიდ-19-ზე ნეგატიური ტესტის პასუხით ბარებსა და რესტორნებში შესვლას, ასევე საზოგადოებრივი ტრნასპორტით მგზავრობას ვეღარ შეძლებენ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ არავაქცინირებული ადამიანები გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებული ბევრი პრობლემა სწორედ მათ მიერ არის გამოწვეული. იტალიაში ომიკრონის ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება.

„პრობლემების უმრავლესობა, რომელთანაც შეჯახება გვიწევს, არავაქცინირებული ადამიანების მიერ არის გამოწვეული. მათ მძიმე დაავადების განვითარების მეტი რისკი აქვთ და ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას იწვევენ,“ – განაცხადა მარიო დრაგიმ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 100 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ადამიანებზე, რომლებიც კორონავირუსისგან ბოლო პერიოდში გამოჯანმრთელდნენ, ახალი შეზღუდვები არ გავრცელდება.

1000-ზე მეტ მუნიციპალიტეტში სკოლები დაიხურა. სკოლების დირექტორები და მედიკოსები მთავრობას მოუწოდებენ, რომ სადღესასწაულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეების სკოლაში დაბრუნება სულ მცირე 15 დღით გადადონ. მასწავლებლების დიდი ნაწილი ინფიცირებულია ან კარანტინში იმყოფება.

სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Trenitalia-მ ორშაბათს განაცხადა, რომ პერსონალის დეფიციტის გამო 180 რეგიონალური რეისი გააუქმა.

იტალიაში 12 წელს ზემოთ მოსახლეობის 86%-ზე მეტი სრულად ვაქცინირებულია, 5-დან 12 წლამდე ბავშვების 15%-ს კი ვაქცინის პირველი დოზა მიღებული აქვს.

იტალიის მთავრობამ ორშაბათს განაცხადა, რომ 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის თებერვლიდან ვაქცინაცია სავალდებულო გახდება. მოქალაქეებს, რომლებიც ვაქციანციის მანდატს არ დაემორჩილებიან, 100 ევროთი დააჯარიმებენ.