ევროპის წამლის სააგენტო – ყოველ ოთხ თვეში ვაქცინის დამატებითი დოზის მიღებამ, შესაძლოა, იმუნური სისტემის გადატვირთვის რისკი შექმნას

ევროპის წამლის სააგენტო – ყოველ ოთხ თვეში ვაქცინის დამატებითი დოზის მიღებამ, შესაძლოა, იმუნური სისტემის გადატვირთვის რისკი შექმნას

ევროკავშირის წამლის მარეგულირებელმა სამშაბათს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეოთხე დოზის მიღების საჭიროებასთან დაკავშირებით ეჭვი გამოთქვა. მარეგულირებლის განცხადებით, აღნიშნული მიდგომის მხარდასაჭერი მონაცემები ამ ეტაპზე არ არსებობს.

„მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი გამაძლიერებელი დოზების გამოყენება, შესაძლოა, საგანგებო გეგმის ნაწილი იყოს, დროის მოკლე ინტერვალებში განმეორებითი ვაქცინაცია მყარ გრძელვადიან სტრატეგიას არ წარმოადგენს,“- განაცხადა ევროპის წამლის სააგენტოს ვაქცინაციის სტრატეგიის ხელმძღვანელმა მარკო კავალერიმ.

EMA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ყოველ ოთხ თვეში ვაქცინის გაკეთების სტრატეგია ადამიანების იმუნური სისტემის გადატვირთვის ჰიპოთეტურ რისკს ქმნის და მოსახლეობაში გადაღლას გამოიწვევს.

მარკო კავალერის განცხადებით, ახალი ვარიანტის ვაქცინებზე ზეგავლენისა და კორონავირუსის ახალი ტალღის ევოლუციის შესახებ მეტი მონაცემის შეგროვებაა საჭირო.

„ისეთი სტრატეგიის შემუშავება უნდა ვცადოთ, რომელიც ახალი ვარიანტების გაჩენის პრევენციისთვის შესაფერისი იქნება,“ – განაცხადა მარკო კავალერიმ.

EMA-ს განცხადებით, სააგენტო ამჟამად განახლებული ვაქცინის შექმნის საჭიროებასთან დაკავშირებით ვაქცინის შემქმნელებთან საუბრობს. მარეგულირებლის მტკიცებით, ნებისმიერი მსგავსი ცვლილება გლობალურ კოორდინაციას საჭიროებს.