ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს

ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნის ახალი მთავრობის დამტკიცების ბრძანებას ხელი მოაწერა. დოკუმენტი სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

5 იანვარს ქვეყანაში მზარდი პროტესტის ფონზე ყაზახეთის ყოფილი მთავრობა გადადგა. თოყაევმა, რომელმაც მინისტრთა კაბინეტის გადაყენების გადაწყვეტილება მიიღო, კრიზისული ვითარების შექმნაში მთავრობა დაადანაშაულა. ყაზახეთის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში თხევადი ბუნებრივი აირის გამო საპროტესტო ვითარების შექმნაში მთავარი პასუხისმგებლობა მინისტრთა კაბინეტს ეკისრებოდა. მიუხედავად ამისა, ქვეყნის მთავრობის 21 წევრიდან თანამდებობაზე ახლადდანიშნული მხოლოდ 8 პირია, დანარჩენებმა პოსტები შეინარჩუნეს.

ყაზახეთში პრემიერის ოფისს ახალი მეთაური ჰყავს. შეიცვალა ვაჭრობისა და ინტეგრაციის მინისტრი, ასევე საზოგადოების განვითარებისა და ინფორმაციის, ჯანდაცვის, ინდუსტრიისა და ინფრასტრუქტურული განვითარების, კულტურისა და სპორტის,  ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრები.

დღეს დილით პრეზიდენტმა თოყაევმა ყაზახეთის პარლამენტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ალიხან სმილოვის კანდიდატურა წარუდგინა, რომელიც მანამდე ქვეყანაში პირველი ვიცე-პრემიერი იყო. პარლამენტმა სმილოვის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა.

ყაზახეთში არეულობა 2 იანვარს თხევადი ბუნებრივი აირის ფასის ზრდის გამო დაიწყო. საპროტესტო აქციების გამწვავების შემდეგ დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. 5-6 იანვარს კონფლიქტი გამწვავდა და საპროტესტო აქციები სამხედრო შეტაკებაში გადაიზარდა.