ესპანეთი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ კოვიდ-19-ს „ჩვეულებრივი გრიპივით“ მიუდგეს

ესპანეთი ევროკავშირს მოუწოდებს, რომ კოვიდ-19-ს „ჩვეულებრივი გრიპივით“ მიუდგეს

ესპანეთის მთავრობა რამოდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა გეგმაზე, რომლის თანახმადაც  ქვეყანაში კოვიდ-19-ს „ჩვეულებრივი გრიპის“ მსგავსად მიუდგებიან. პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ცდილობს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით დებატები ევროკავშირის დონეზეც დაიწყოს.

ესპანეთის მთავრობის ახალი გეგმა ინფექციის გავრცელების  დეტალური მეთვალყურეობის სისტემისგან თავის დაღწევას ისახავს მიზნად.

„რამოდენიმე კვირაა ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ დებატების დაწყება ევროკავშირის დონეზე გვსურს. ჯანდაცვის მინისტრმა ევროპის ჯანდაცვის მინისტრებთან უკვე ისაუბრა ამ საკითხზე. ეს საჭირო დებატებია, რადგან მეცნიერებისა და კვლევების დახმარებით ჩვენ უკვე გვაქვს პასუხები, როგორ დავიცვათ თავი და შეძლებისდაგვარად, როგორ შევამციროთ პოპულაციაში ინფექციის გავრცელება,“ – განაცხადა პედრო სანჩესმა.

ესპანეთის პრემიერ-მინსიტრმა ომიკრონით გამოწვეული მეექვსე ტალღის პირობებში სიკვდილობის მნიშვნელოვანი შემცირების შესახებაც ისაუბრა. პირველი ტალღის დროს არსებული სიკვდილობის 13%-იან მაჩვენებელთან შედარებით, გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 1%-მდე დაეცა.

EURACTIV-თან საუბრისას ევროპელმა დიპლომატმა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ მოისურვა, განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ომიკრონის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების საჭიროება არ დადგება. მისი თქმით, ახალი შტამი იმდენად გადამდებია, რომ ახალი ვაქცინის შექმნამდე კორონავირუსს ადამიანების უმრავლესობა გადაიტანს. დიპლომატის განმარტებით, ახლო მომავლის ყველაზე მეტად სავარაუდო სცენარი გრიპის მსგავსი ენდემური ვირუსის ჩამოყალიბებაა.