ომიკრონით ინფიცირებულთა რიცხვის კლების გამო ინგლისი თვის ბოლომდე კოვიდ პასპორტების მოთხოვნას გააუქმებს

ომიკრონით ინფიცირებულთა რიცხვის კლების გამო ინგლისი თვის ბოლომდე კოვიდ პასპორტების მოთხოვნას გააუქმებს

ინგლისში კოვიდ პასპორტების მოთხოვნა თვის ბოლომდე გაუქმდება, რაც ომიკრონით ინფიცირების ახალი შემთხვევების შემცირებით არის განპირობებული.

26 იანვარს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო შეზღუდვების გადახედვა იგეგმება. მინისტრები სახლიდან მუშაობის რეკომენდაციის გადახედვასაც გეგმავენ. კოვიდ-19-ის შემაკავებელი ზომებიდან ინგლისში მხოლოდ ტრანსპორტსა და მაღაზიებში ნიღბის ტარების ვალდებულების დატოვება იგეგმება.

ბოლო რვა დღის განმავლობაში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევები ყოველდღიურად იკლებს. ხუთშაბათს კოვიდ-19 109 000 ადამიანს დაუდასტურდა.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის საჯიდ ჯავიდის განცხადებით, ინციფირების რიცხვის კლება დამაიმედებელი ნიშანია, თუმცა, მისი თქმით, ჰოსპიტალური სექტორი კვლავ მნიშვნელოვანი ზეწოლის ქვეშ რჩება.

ინგლისში ადამიანებს მასობრივი თავშეყრის ადგილებში ან ღამის კლუბებში შესასვლელად ვაქცინაციის დამადასტურებელი საბუთი ან კოვიდ-19-ზე ტესტის ნეგატიური პასუხი ესაჭიროებათ.

The Times-თან ინტერვიუში ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მწვანე პასპორტების პოლიტიკა ყოველთვის დიდ ბარიერს აწყდებოდა. მისი თქმით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის შემთხვევების შემცირების გამო შეზღუდვების განახლების დასაბუთება რთული იქნება.

ხუთშაბათს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა კოვიდინფიცირებული ადამიანების თვითიზოლაციის ვადა 5 დღემდე შეამცირა.

„კოვიდის დადასტურებიდან 5 დღის შემდეგ ინფიცირებულთა 2/3 გადამდები არ არის. მტკიცებულებების გადახედვის შემდეგ თვითიზოლაციის მინიმალური ვადა ინგლისში 5 დღემდე შევამცირეთ,“ – განაცხადა საჯიდ ჯავიდმა.

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ინგლისში კოვიდინფიცირებულმა ადამიანებმა ვირუსის დადასტურებიდან მეხუთე და მეექვსე დღეს ზედმიწევნით 2 ტესტი უნდა გაიკეთონ. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში ისინი თვითიზოლაციის ვალდებულებისგან გათავისუფლებიან.