გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და საფრანგეთის ქუჩებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა

გერმანიის, ავსტრიის, იტალიისა და საფრანგეთის ქუჩებში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკის გასაპროტესტებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა

15 იანვარს ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად შემზღუდავი ზომების გამოყენების გასაპროტესტებლად მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა. გერმანიაში აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. ზოგიერთ ქალაქში შეზღუდვების მომხრე მოქალაქეებმა კონტრაქციებიც მოაწყვეს.
ჰამბურგში საყოველთაო სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ დემონსტრაციის გამართვა იგეგმებოდა, თუმცა კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო პოლიციამ მსგავსი ტიპის აქციის გამართვა აკრძალა. ჰამბურგში შაბათობით გამართული დემონსტრაციები ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. 8 იანვარს ჩატარებულ აქციაზე 16 000 ადამიანი გამოვიდა.
15 იანვარს აკრძალვის მიუხედავად ჰამბურგში 3000-მდე ადამიანი მასობრივი სავალდებულო ვაქცინაციისა და სხვა შემზღუდავი ღონისძიებების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. პოლიცია დემონსტრანტების დაშლას ცდილობდა, რამაც აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება გამოიწვია.
15 იანვარს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა მასობრივი დემონსტრაციებით გააპროტესტეს მიუნხენში, ჰანოვერში, შვერინში, ფიურტში, ოსნაბრიუკსა და გერმანიის სხვა ქალაქებში. აქციების უმრავლესობა მშვიდობიანად ჩატარდა. დემონსტრაციის მონაწილეების დიდი ნაწილი ნიღაბს არ ატარებდა.
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში შაბათს 27 000 ადამიანი სავალდებულო ვაქცინაციისა და მთავრობის მიერ მიღებული შემზღუდავი ზომების გასაპროტესტებლად ქუჩაში გამოვიდა. პოლიციამ ორი დემონსტრანტი დააკავა.
საფრანგეთის ქუჩებში შაბათს ვაქცინაციის პასპორტის ამოქმედების გასაპროტესტებლად ქუჩაში 50 000 ადამიანი გამოვიდა. ქვეყანაში გარკვეულ დაწესებულებებში შესვლა მხოლოდ სრულად ვაქცინირებულ ან კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს შეუძლიათ.
მასშტაბური საპროტესტო აქციები გაიმართა რომშიც, სადაც მოქალაქეებმა 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება და მწვანე პასპორტების პოლიტიკა გააპროტესტეს.
15 იანვარს ნიდერლანდებში კაფეები, ბარები და რესტორნები მფლობელთა დიდმა ნაწილმა ქვეყანაში მოქმედი აკრძალვის მიუხედავად მაინც გახსნა. ნიდერლანდებში ლოკდაუნის გაუქმების მიუხედავად ბარების, კაფეებისა და რესტორნებისთვის მუშაობის უფლება არ მიუციათ, რამაც მათი მეპატრონეების გაღიზიანება და პროტესტი გამოიწვია.