ვლადიმერ ზელენსკიმ რუსულ კომპანიებსა და რუს მოსამართლეებს სანქციები დაუწესა

ვლადიმერ ზელენსკიმ რუსულ კომპანიებსა და რუს მოსამართლეებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ  რუსული კომპანიებისთვის სანქციების დაწესების შესახებ  ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება აამოქმედა. შესაბამისი განკარგულებები სახელმწიფოს მეთაურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის თანახმად შემზღუდავი ზომები ექვსი რუსული კომპანიის წინააღმდეგ ამოქმედდება. სანქციები დაუწესდა რამოდენიმე რუს მოსამართლეს, ასევე ავსტრიის სამ მოქალაქეს. შემზღუდავი ზომების მოქმედების ვადა ხუთი წლით განისაზღვრა.

სანქციები შეეხო რუს დიზაინერ არტემი ლებედევსაც, ასევე რუსეთის ფედერაციის ყოფილ გენერალურ პროკურორს იური ჩაიკას. სანქციები აქტივების ბლოკირებას, ფინანსური ტრანზაქციების შეჩერებასა და უკრაინიდან კაპიტალის გატანის პრევენციას ითვალისწინებს.

ვლადიმერ ზელენსკიმ რუსეთის 23 მოქალაქეს სანქციები ნოემბერშიც დაუწესა. შესაბამისი განკარგულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. სანქციები აქტივების დაბლოკვას, სავაჭრო ოპერაციებზე შეზღუდვების დაწესებას, რესურსების ტრანზიტის შეჩერებას, ეკონომიკური მოვალეობების შესრულების შეჩერებას, ასევე სახელმწიფო ქონების პრივატიზაციასა და იჯარით გაცემაში მონაწილეობის აკრძალვას ითვალისწინებდა.