ევროპის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების გამო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციები გაზის სექტორსა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენს არ შეეხება

ევროპის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების გამო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციები გაზის სექტორსა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენს არ შეეხება

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა  განაცხადა, რომ ევროპის რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულების გამო, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, სანქციები გაზის სექტორსა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენს არ შეეხება.

„ევროპაში გარკვეული ხარისხით რუსეთის ენერგომატარებლებზე ვართ დამოკიდებული. ამას ერთ ღამეში ვერ შევცვლით, თუ სითბო და ელექტროენერგია დაგვჭირდება,“- განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა გაზეთ Die Presse-სთან ინტერვიუში.

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით რუსეთის ზოგიერთი მოთხოვნა მიუღებელია. მათ შორისაა, ნატოში უკრაინის მიღებაზე უარის თქმა და ალიანსის ძალების გაყვანა იმ სახელმწიფოების ტერიტორიიდან, რომლებიც უკვე ნატოს წევრები არიან.

ალექსანდერ შალენბერგმა განაცხადა, რომ ესკალაციას ევროპა სწრაფ პასუხს გასცემს.

„ესკალაციის შემთხვევაში იქნება ძალიან მკაფიო, ცალსახა და სწრაფი პასუხი,“- განაცხადა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსეთის მხრიდან ნატოსგან მომდინარე საფრთხის შესახებ საუბარს, შალენბერგმა „აბსურდი“ უწოდა.

„ვინ შეიჭრა ოსეთში, აფხაზეთში, დნესტრისპირეთში, დონბასში, ყირიმში? ეს ჩვენ არ გაგვიკეთებია,“- განაცხადა ალექსანდერ შალენბერგმა.