გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინა ლამბრეხტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კრისტინა ლამბრეხტი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან კონფლიქტის საფრთხის პირობებში უკრაინაში ლეტალური იარაღის გაგზავნა მიზანშეწონილი არ არის.

„ფედერალურ მთავრობაში არსებობს კონსენსუსი, რომ გამწვავებული ვითარების პირობებში უკრაინაში იარაღის გაგზავნა მიზანშეწონილი არ არის,“- განაცხადა კრისტინა ლამბრეხტმა ყოველკვირეულ გაზეთ Welt am Sonntag-თან ინტერვიუში.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების განლაგების გამო, მისთვის გასაგებია, რომ ქვეყანას დახმარება სჭირდება. გერმანიის თავდაცვის მინისტრის თქმით, გერმანია უკრაინას სხვა ფორმით დაეხმარება. კრისტინა ლამბრეხტის განცხადებით, თებერვალში გერმანია უკრაინაში სრულად აღჭურვილ საველე ჰოსპიტალს გაგზავნის. პერსონალის მომზადების ხარჯებსაც გერმანია დაფარავს და მისი ფინანსური მონაწილეობა 5,3 მილიონი ევრო იქნება.

კრისტინა ლამბრეხტმა აღნიშნა, რომ გერმანია უკვე ეხმარება უკრაინას ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატების მიწოდებითა და დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ბუნდესვერის საავადმყოფოებში მკურნალობით.

გერმანიაში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა გერმანიის მთავრობას უკრაინაში იარაღის გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით პოზიციის შეცვლისკენ მოუწოდა.

„კიევი ვერ მოისვენებს, სანამ ფედერალურ მთავრობას და ოპოზიციას უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდების აუცილებლობაში არ დაარწმუნებს,“- განაცხადა ანდრეი მელნიკმა.