გერმანიაში პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა

გერმანიაში პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა

სისხლის სამართლის დანაშაულთა ფედერალური უწყება პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულთა შემთხვევების ზრდას უკავშირებს პანდემიის პერიოდში სოციალური ქსელების მომხმარებელთა რადიკალიზაციას.

გერმანიაში პოლიტიკოსები სულ უფრო ხშირად ხდებიან სისხლის სამართლის დანაშაულის მსხვერპლი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა კვირას, 6 თებერვალს გერმანული საქმიანი გამოცემის Handelsblatt-ის მიერ, სისხლის სამართლის დანაშაულთა ფედერალური უწყების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, რომელიც რედაქციისთვის ხელმისაწვდომი გახდა. აღნიშნული გამოცემა იუწყება, რომ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულთა შორის, რომლის სამიზნეებიც პოლიტიკოსები ხდებიან, ბევრ სხვა დანაშაულებრივ ქმედებასთან ერთად ფიქსირდება შეურაცხყოფა, მუქარა და მოწოდებები მკვლელობისკენ.

სისხლის სამართლის დანაშაულთა ფედერალური უწყების მონაცემების მიხედვით, უკანასკნელი ოთხი წლის მანძილზე აღნიშნული ტიპის დანაშაულთა რიცხვი გერმანიაში თითქმის სამჯერ გაიზარდა. წინა წლების მონაცემებს თუ შევადარებთ, 2017 წელს ფიქსირდება მსგავსი დანაშაულის 1517 შემთხვევა, 2021 წელს კი, უწყების წინასწარი მონაცემების თანახმად, ეს რიცხვი 4458-მდე გაიზარდა.

სისხლის სამართლის დანაშაულთა ფედერალური უწყება სიტუაციის ასეთ განვითარებას უკავშირებს სოციალური ქსელების ზოგიერთი მომხმარებლის მხრიდან რადიკალიზაციის ტენდენციას კორონავირუსის პანდემიის ფონზე. კერძოდ, ამასთან დაკავშირებით გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლებს გარკვეული კითხვები აქვთ  Telegram-ის სოცქსელთან, რომელიც სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ქვეყანაში და გარკვეული სახით ითვლება „შეხვედრის ადგილად“ იმ მოქალაქეებისთვის, ვინც კრიტიკულად და ამავე დროს, უნდობლობით არიან განწყობილნი იმ პოლიტიკის მიმართ, რასაც ხელისუფლება ახორციელებს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ.

Tags: პოლიტიკა ევროპა