გერმანიის ვიცე-კანცლერი აცხადებს, რომ გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დამტკიცება დამოკიდებულია მოვლენების გეოპოლიტიკურ განვითარებაზე

გერმანიის ვიცე-კანცლერი აცხადებს, რომ გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის დამტკიცება დამოკიდებულია მოვლენების გეოპოლიტიკურ განვითარებაზე

უკრაინა-რუსეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი განიხილავს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან დაკავშირებულ პრობლემებს. „დღესდღეობით ენერგო პოლიტიკა არის ყოველთვის გეოპოლიტიკური“, განაცხადა მან ვარშავაში ვიზიტით ყოფნის დროს.

გერმანიის ვიცე-კანცლერმა და ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა პარასკევს განაცხადა, რომ გაზსადენის პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის საბოლოო დამტკიცება, რომელიც გვერდს აუვლის ტრადიციულ სატრანზიტო ქვეყნებს – პოლონეთსა და უკრაინას და გაზს რუსეთიდან პირდაპირ მიაწვდის გერმანიას ბალტიის ზღვის გავლით, დამოკიდებულია რუსეთსა და დასავლეთს, ანუ, უკრაინას შორის არსებული კრიზისის შემდგომ განვითარებაზე.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან საუბრისას ჰაბეკმა აღნიშნა, რომ უკრაინის არსებული კრიზისი დიდ ზეგავლენას იქონიებს გაზსადენზე.

„ეს არის ინვესტიცია, რომელიც აგრძელებს პოლონეთისთვის პრობლემების შექმნას“, განაცხადა პოლონეთის ვიცე-პრემიერის მოადგილემ და დაამატა, „ჩვენი აზრით, აღნიშნული პროექტი საფრთხეს შეუქმნის არა მარტო პოლონეთის, არამედ ევროპის ენერგოუსაფრთხოებასაც“.

ჰაბეკმა ვარშავაში ყოფნის დროს ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ევროპელები ძალიან შეწუხებულები უნდა იყვნენ აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარებით. როგორც სხვებმა, მანაც ისაუბრა სავარაუდო სადამსჯელო სანქციების გამოყენებაზე, იმ შემთხვევაში, თუ საკითხის დიპლომატიური გზით გადაჭრა ვერ მოხერხდებოდა და რუსეთი კვლავ მიმართავდა ესკალაციას.

დღეის მდგომარეობით რუსეთს უკრაინის საზღვართან მობილიზებული ჰყავს მძიმე საბრძოლო ტექნიკა და დაახლოებით 130000 სამხედრო მოსამსახურე,  პარალელურად კი თავის მოკავშირე ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად კონფლიქტის ზონის მახლობლად აწარმოებს საომარ თამაშებს, ერთობლივი სამხედრო წვრთნების სახელით.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2“ გაზსადენის მშენებლობა რეალურად დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში ჯერ არ არის შესული. გაზსადენის პროექტი ელოდება დამტკიცებას გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოდან.  იმ შემთხვევაში, თუ გერმანია საბოლოოდ დაამტკიცებს პროექტს 2022 წლის მეორე ნახევარში, მისი სერთიფიცირების საკითხს უკვე განიხილავს ევროკომისია.

მიმდინარე კვირას გერმანიის კანცლერ ოლაფ შულცის თეთრ სახლში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საკმაოდ გასაგებად განმარტა, რომ 9.5 მილიარდი ევროს (10.8 მილიარდი დოლარი) ღირებულების გაზსადენთან დაკავშირებული გარიგება კრახით დასრულდება, თუ რუსეთი უკრაინაში უნდა შეიჭრას.

Tags: პოლიტიკა ევროპა