სი-ენ-ენ-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების უმრავლესობას ბაიდენის მაგივრად სხვა კანდიდატის ხილვა სურს

სი-ენ-ენ-ის გამოკითხვის თანახმად, აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების უმრავლესობას ბაიდენის მაგივრად სხვა კანდიდატის ხილვა სურს

დემოკრატების ნახევრზე მეტს უნდა, რომ 2024 წელს მათმა პარტიამ ახალი კანდიდატი წარადგინოს საპრეზიდენტო არჩევნებზე. აღნიშნული ინფორმაცია გავრცელდა კვირას, სი-ენ-ენ-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე.

გამოკითხვამ, რომელიც ჩატარდა SSRS-ის მიერ იანვარსა და თებერვალში 1527 ადამიანის მონაწილეობით, აჩვენა, რომ დემოკრატებისა და დემოკრატების მხარდამჭერი ამომრჩევლების მხოლოდ 45%-ს სურს, რომ ბაიდენმა კვლავ მიიღოს  მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადით. გამოკითხულთა ნახევარზე მეტს, ანუ, 51%-ს კი სურს, რომ სხვა კანდიდატი იხილოს ოვალურ კაბინეტში.

ბაიდენის ერთგული მხარდამჭერები, რასაკვირველია, ისევ მის კანდიდატურას უჭერენ მხარს, თუმცა, დანარჩენ მომხრეებში მნიშვნელოვანი პროცენტული კლება შეინიშნება.

სი-ენ-ენის თანახმად, პრეზიდენტის მხარდამჭერთა 70%-იანი მაჩვენებელი 35%-მდე დაეცა.

დემოკრატების ამომრჩევლებიდან, ვისაც სურდათ ბაიდენის შეცვლა, 35%-მა თავიანთი ასეთი სურვილი იმით ახსნა, რომ მათ ეჭვი ეპარებათ ბაიდენის გამარჯვებაში რესპუბლიკელი კანდიდატის წინააღმდეგ. 31%-მა კი, უბრალოდ, განაცხადა, რომ მათ არ უნდათ მისი ხელახალი არჩევა, 18%-მა კი წუხილი გამოთქვა მისი ასაკის გამო (პრეზიდენტი ბაიდენი 2024 წლის ნოემბერში 82 წლის ხდება).

დემოკრატებს ჯერჯერობით არ ჰყავთ შერჩეული კონკრეტული კანდიდატი, რომელიც შეცვლის ბაიდენს.

რესპუბლიკელების მხარეს კი რესპუბლიკელების და რესპუბლიკელების ამომრჩევლების 50% ტოლად არის გაყოფილი. 50%-ს სურს, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიიღოს მონაწილეობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, 49% კი პრეზიდენტის პოსტზე სხვა ვარიანტს განიხილავს.

კითხვაზე, თუ რა არის მათი ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, რესპუბლიკელების 39%-მა განაცხადა, რომ მათ არ სურთ ტრამპი კვლავ იხილონ პრეზიდენტად, 22%-მა თქვა, რომ ეჭვი ეპარებათ მის გამარჯვებაში დემოკრატების წინააღმდეგ, 9% ელოდება სრულიად ახალ, ნაკლებად პოლარიზირებულ კანდიდატს, 6%-ს კი უბრალოდ, არ მოსწონს ტრამპის პიროვნება.

ამერიკელების უმრავლესობა (58% პროცენტი) მოუთმენლად ელის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს, 41% კი „შიშით უყურებს“ მას. თუმცა, რესპუბლიკელები ბევრად უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. რესპუბლიკელთა მხარდამჭერების 81% დემოკრატების ამომრჩეველთა 44%-თან შედარებით უფრო მეტი ენთუზიაზმით ელის მომავალ არჩევნებს.

Tags: აშშ საზოგადოება