აშშ რუსეთს სანქციებს უწესებს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო

აშშ რუსეთს სანქციებს უწესებს აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიების დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ორშაბათს გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება რუსეთისთვის სანქციების შემოღებასთან დაკავშირებით, ვლადიმერ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის ცნობის გამო.

„რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სავარაუდოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რაც რეალურად წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიებს, ეწინააღმდეგება რუსეთის მინსკის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ  ვალდებულებებს და მეტ საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიაზე მშვიდობის, სტაბილურობის, სუვერენულობის და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, რითაც ასევე, უჩვეულო და ექსტრაორდინალური საფრთხე ექმნება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკას“, ნათქვამია ბრძანებაში.

აღმასრულებელ ბრძანებაში სანქციების უფრო ფართო სპექტრია წარმოდგენილი, იმ სანქციებთან შედარებით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულ იქნა 2014 წელს, როცა იგი ყირიმში შეიჭრა. ბრძანების თანახმად, აღნიშნულ რეგიონებში იკრძალება აშშ-ის ახალი ინვესტიციების დაბანდება, ყველანაირი იმპორტი და ექსპორტი, ასევე, ფინანსური და ქონებრივი ტრანსაქციები.

ბაიდენის აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, „უკრაინის აღმოსავლეთ ტერიტორიებზე – ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში – იკრძალება ახალი ინვესტიციები, ვაჭრობა, და დაფინანსება აშშ-ის მოქალაქეების მხრიდან“, ასევე,  „ბრძანება იძლევა უფლებამოსილებას ნებისმიერი ადამიანისთვის სანქციების დაწესებაზე, ვინც განიზრახავს უკრაინის აღნიშნულ ტერიტორიებზე საკუთარი საქმიანობის განხორციელებას“, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ფსაკიმ.

ორივე ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკა კონტროლირდება რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ძალების საშუალებით.

„და ეს სანქციების სრული სია არ არის. აღნიშნულ ზომებს, ასევე, დაემატება სწრაფი და მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომელსაც ვამზადებთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში“, აცხადებენ თეთრ სახლში. „ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ და განვაგრძობთ ინტენსიურ კონსულტაციებს ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მათ შორის უკრაინასთან, ჩვენს შემდგომ ქმედებებთან და რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვართან სიტუაციის მუდმივ ესკალაციასთან დაკავშირებით“.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა რუსეთის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო სამართლისა და ნორმების უხეში უპატივცემულობა“ უწოდა.

ბაიდენის მიერ გამოცემულ აღმასრულებელ ბრძანებას მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტის ხანგრძლივი სატელევიზიო მიმართვა, სადაც პუტინმა ისაუბრა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

პუტინის ქმედება დაგმო დასავლეთმა და რუსეთის პრეზიდენტი  მინსკის ხელშეკრულებების დარღვევის გამო გააკრიტიკა. ეს ხელშეკრულება ერთადერთი გზა იყო აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული რვაწლიანი კონფლიქტისთვის წერტილის დასასმელად, აცხადებს დასავლეთი.

Tags: პოლიტიკა მსოფლიო რუსეთი აშშ