„ბერლინს ევროპის მართვა სურს“ – პოლონელმა კონსერვატორებმა მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლის მცდელობა

„ბერლინს ევროპის მართვა სურს“ – პოლონელმა კონსერვატორებმა მკაცრად გააკრიტიკეს ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლის მცდელობა

ევროკომისიის პრეზიდენტ  ურსულა ფონ დერ ლაიენის მოწოდება ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლასთან დაკავშირებით, ანუ, ნაბიჯი, რომელიც ძალაუფლების ცენტრალიზებას გამოიწვევს ბრიუსელში, პოლონელმა კონსერვატორებმა და ევროკავშირის 13-მა წევრმა სახელმწიფომ უარყო.

ფონ დერ ლაიენმა აღნიშნული წინადადება სტრასბურგში გამართულ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე გააჟღერა, სადაც ერთ-ერთი მთავარი რეფორმა, რომელიც მან წამოაყენა, არის საგარეო საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას ერთსულოვნების საჭიროების გაუქმება, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ცალკეული წევრი სახელმწიფოებისთვის ვეტოს უფლების გაუქმება.

„თუ ევროკავშირმა ეფექტურად უნდა იმუშაოს, ერთსულოვნების პრინციპი აზრს კარგავს ევროკავშირის ძირითადი პოლიტიკის სფეროებში“, განაცხადა ევროკავშირის პრეზიდენტმა.

თუ ასეთ წინადადებას მიიღებენ, მაშინ ქვეყნები, როგორიცაა, უნგრეთი, ჩეხეთი და ავსტრია, ვეღარ შეძლებენ ვეტო დაადონ ევროკავშირის უაღრესად საკამათო წინადადებას, რუსეთის ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან დაკავშირებით, სანქციას, რომელსაც, ექსერტების უმრავლესობის აზრით, შეუძლია სრულად ჩამოშალოს ევროპის ეკონომიკა.

ევროკომისიის პრეზიდენტის წინადადებას მხარს უჭერს ორი ძლიერი სახელმწიფო – საფრანგეთი და გერმანია, რომლებიც დღესდღეობით მემარცხენე ხელისუფლებების მიერ იმართება. აღსანიშნავია, რომ ფონ დერ ლაიენი წარმოშობით გერმანელია, და როგორც ბევრი მემარცხენე ლიბერალი პოლიტიკოსი, დიდი ხანია ცდილობს შეზღუდოს ისეთი ქვეყნების უფლებამოსილება, როგორიცაა, პოლონეთი და უნგრეთი, რომლებმაც  ევროკავშირის მიერ წამოყენებული მასობრივი იმიგრაციის, პროგრესული LGPT იდეოლოგიისა და არადემოკრატიული რეფორმების დღის წესრიგი დაბლოკეს.

„ჩვენთვის, როგორც ფედერალური ხელისუფლებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევზღუდოთ ვეტოს უფლება, რაც კავშირს ბევრად მეტის გაკეთების საშუალებას მისცემს“, განაცხადა გერმანიის ევროპისა და კლიმატის მინისტრმა ანა ლურმანმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუილ მაკრონმა ასევე, მხარი დაუჭირა ევროკავშირის ხელშეკრულებების ცვლილებას.

„ჩვენ გვჭირდება ჩვენი ტექსტების რეფორმირება, ეს აშკარაა“, განაცხადა მაკრონმა ევროპარლამენტის სხდომაზე.

ევროკომისიის პრეზიდენტის წინადადებას ასევე, მტკიცე წინააღმდეგობა შეხვდა რიგი ქვეყნების მხრიდან და მათ შორის, არამარტო კონსერვატორი ხელისუფლების მიერ მართული სახელმწიფოებისგან.

„ჩვენ არ ვუჭერთ მხარს დაუფიქრებელ და ნაადრევ მცდელობებს ხელშეკრულებების ცვლილებების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით“, წერია ოფიციალურ დოკუმენტში, რომელსაც ხელს აწერენ ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, დანია,  ლატვია, ფინეთი, ლიეტუვა, მალტა, სლოვენია და შვედეთი. საერთო ჯამში, 13 ქვეყანა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანას.

პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა ზბიგნევ ზიობრომ სოციალურ მედიაში დაწერა, რომ „ბერლინს სურს ევროპის მართვა“ და შესაბამისად,   ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების დამორჩილება უნდა. პოლონური საინფორმაციო გამოშვების Dorzeczy.pl -ის ცნობით, ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მისი პოლიტიკური დაჯგუფება „სოლიდარობა პოლონეთს“, რომელიც წარმოადგენს პოლონეთის მმართველი მემარჯვენე კოალიციის ნაწილს, არასოდეს დაუჭერდა მხარს ისეთ წინადადებას, რომელიც ევროკომისიას ამხელა ძალაუფლებას მიანიჭებდა.

Tags: პოლიტიკა ევროპა ევროკავშირი