
იტალიის პრემიერის მტკიცებით, გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლებში გადაუხადა
რუსეთის გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა გერმანიაში უკვე გადაიხადა გაზის საფასური რუბლებში, ამტკიცებს იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი. „სინამდვილეში, მტკიცებულებები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ… დღეს დილით (ცხადყოფს), რომ „რუსეთის გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა გერმანიაში უკვე გადაიხადა გაზის საფასური რუბლებში“, განაცხადა მან 11 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე. გერმანული გამოცემა Uniper-ი აღნიშნულს უარყოფს.
ამასთანავე, როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, გერმანული კომპანიის Uniper SE-ის – რუსეთის გაზის უმსხვილესი შემსყიდველი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კომპანიას ახალი სქემით არავითარი გადახდები არ განუხორციელებია, რადგან გადახდის ვადა მხოლოდ მაისის ბოლოს იწურება. მანამდე Uniper-ში ირწმუნებოდნენ, რომ კომპანია შეძლებდა გაზის მიწოდების შენარჩუნებას სანქციების დარღვევის გარეშე. კომპანიის წარმომადგენელმა კომენტარის გაკეთებაზე იმასთან დაკავშირებით, გახსნა თუ არა Uniper-მა რუბლის ანგარიში „გაზპრომბანკში“, უარი განაცხადა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე, განაცხადა, რომ ევროპული კომპანიები რუსული გაზის საფასურის გადახდას რუბლებში შეძლებენ, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების დარღვევის გარეშე. „არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, თუ კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. არავის არასოდეს უსაუბრია იმის შესახებ, რუბლებში გადახდა ჩაითვლება თუ არა სანქციების დარღვევად. ეს რაღაც ნაცრისფერ ზონას ჰგავს“, აღნიშნა დრაგიმ.
ასეთი ინტერპრეტაცია, აშკარად განსხვავდება ევროკავშირში ადრე გამოთქმული პოზიციისგან. ჯერ კიდევ აპრილის ბოლოს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა: „ჩვენი განმარტებები ძალიან მკაფიო და ნათელია: თუ ეს კონტრაქტებით არ არის გათვალისწინებული, მაშინ რუბლებში განხორციელებული გადახდები წარმოადგენს სანქციების დარღვევას“.
ევროკავშირში ასევე, თვლიან, რომ „გაზპრომბანკში“ ორი ანგარიშის – ვალუტასა და რუბლებში – გახსნის სქემა, როგორც ეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოითხოვა, მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეწინააღმდეგება.
Tags: პოლიტიკა ევროპა
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის