
საელჩოები 17 მაისს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ საქართველოში ქმედითი ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რათა ლგბტქი+ პირებმა დაცულად და უსაფრთხოდ იგრძნონ თავი
საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ხორვატიის საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი 17 მაისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვის თაობაზე.
განცხადების ხელმომწერთა აზრით, საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად მტკიცე და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
„ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), კიდევ ერთხელ ვუდასტურებთ ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას საქართველოში არსებულ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს. ლგბტქი+ ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ–ერთი ყველაზე მარგინალიზებული, მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფია. თემის წარმომადგენლები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციისა თუ ძალადობის მსხვერპლნი, რის შესახებაც ინფორმაცია ხშირად დაფარულია საზოგადოებისთვის. შესაბამისად, მათი უფლებების , უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოებაში ინტეგრირება კი კვლავ აქტუალურ გამოწვევად რჩება.
ვწუხვართ, რომ წინა წლების მსგავსად საქართველოს მოქალაქეები თავს იკავებენ, საჯაროდ გამოხატონ თავიანთი სოლიდარობა და მხარდაჭერა ლგბტქი+ პირთა მიმართ და დაგმონ ჰომოფობია, ბიფობია და ტრანსფობია.
გვსურს, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანების ჯგუფის მშვიდობიანი შეკრება, აღკვეთოს ყველანაირი დისკრიმინაცია და ძალადობა, რათა მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOBIT), მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადო დაცვით“, ნათქვამია გაცხადებაში.
დიპლომატიური კორპუსი ყურადღებას ამახვილებს გასული წლის 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე და ხელისუფლებას მოუწოდებს, ძალადობის ყველა წამქეზებელი თუ ჩამდენი პირი გაასამართლოს და სათანადო სასჯელი შეუფარდოს.
„ჩვენთვის ცნობილია, რომ 2021 წლის 5 ივლისის სამარცხვინო მოვლენების, ღირსების მარშის ჩაშლისა და ლგბტქი+ პირებისა და მედიის მიმართ განხორციელებული ძალადობის რამდენიმე მონაწილეს თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. თუმცა, ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ ძალადობის ყველა წამქეზებელი და ჩამდენი პირი გაასამართლოს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ხელმომწერები ასევე აღნიშნავენ, რომ სულ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე უჭერს მხარს მრავალფეროვნებას და თვლის, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ფრიად მნიშვნელოვანია.
„ბოლოდროინდელი მონაცემებით, საქართველოში მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომელთათვისაც მიუღებელია ლგბტქი+ პირთათვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვა და მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო სათანადო რეაგირებას არ ახდენს ლგბტქი+ პირების მიმართ გამოხატული ძალადობისა და დისკრიმინაციის აღსაკვეთად.
სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე აღნიშნულ სოციალურ ცვლილებას. ლგბტქი+ უფლებები ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის საშუალებით. ასევე, აუცილებელია, რომ გაძლიერდეს სოციალური დაცვა და ლგბტქი+ თემის მოწყვლადი წარმომადგენლების მხარდაჭერა ისეთ მტკივნეულ საკითხებში, როგორიცაა, სასურსათო დაუცველობა, უსახლკაროდ დარჩენის მზარდი რისკი და ჯანდაცვის მომსახურების წვდომასთან დაკავშირებული სირთულეები, – აღნიშნავენ განცხადების ავტორები, – საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს მოვუწოდებთ, თავიანთი წილი პასუხისმგებლობის ფარგლებში ძალისხმევა არ დააკლონ დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის, პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო გამოსვლებისა და ლგბტქი+ თემებთან კონსტრუქციული დიალოგის გზით, ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად“.
17 მაისს მსოფლიო ჰომოფობიის, ბიფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ზეიმობს. საქართველოში კი ლგბტქ+ ადამიანებს არ ეძლევათ საშუალება, რომ სათანადოდ აღნიშნონ ეს მათთვის მნიშვნელოვანი დღე, რადგან ძალადობრივი დაჯგუფებები მათ ამაში ხელს უშლიან.
Tags: კულტურა პოლიტიკა საზოგადოება იდეოლოგია ფსიქიკური აშლილობა ევროპა ევროკავშირი მენტალური პრობლემები
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის