რატომ ღირს წამლები ძვირი?

რატომ ღირს წამლები ძვირი?

საქართველოში წამლის სიძვირეს სამი ურთიერთდაკავშირებული მიზეზი განაპირობებს: 1. წამლის ფასის დაურეგულირებლობა; 2. ფარმაცევტული ბიზნესის კორუფციული გარიგებები ექიმებთან; 3. ფარმაცევტული ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია.
მიზეზი 1. ფასის დაურეგულირებლობა
საქართველოში წამლის  ფასი არ რეგულირდება. სხვა სიტყვებით, საქართველო არ იყენებს წამლის ფასის რეგულირების  არცერთ მოდელს.  ამიტომ, ფარმაცევტული მაფია, რომელსაც მხოლოდ საკუთარი მოგების გაზრდის მიზანი ამოძრავებს,  წამლის ფასს ერთპიროვნულად ადგენს. 
წამლის ფასის რეგულირების  მრავალი მოდელი არსებობს - მაგალითად, წამლის ფასნამატის ზღვრის განსაზღვრა, რეფერენტული  ფასწარმოქმნა, მოლაპარაკებითი ფასები. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა იყენებს  წამლის ფასის რეგულირების ერთ და ერთდროულად რამდენიმე მოდელს. 
ჩვენს რეგიონში - აღმოსავლეთ  ევროპასა და ცენტრალურ აზიაში - ქვეყნების უმეტესობა წამლის ფასის რეგულირების ერთ-ერთ  მოდელს მაინც იყენებს.
აზერბაიჯანში, უკრაინაში,  ბელარუსში, მოლდოვაში, ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში ყველა ან მხოლოდ სასიცოცხლოდ  აუცილებელი წამლების ფასი რეგულირდება. საქართველო გამონაკლისია სომხეთთან ერთად.  
მიზეზი 2. კორუფციული მარკეტინგი
წამლის ფასის სიძვირის  მეორე მიზეზი არაეთიკური მარკეტინგია. ფარმაცევტული მაფია გარიგებაში შედის ექიმებთან  და კონკრეტული წამლების გამოწერის სანაცვლოდ მათ ფულს უხდის. ეს ნიშნავს, რომ ფარმამაფია  ექიმებს პაციენტებისთვის არასაჭირო და, ზოგჯერ, უსარგებლო წამლებსა და ე.წ. ვიტამინებსა  და დანამატებს ანიშნინებს.

სქემა, ჩვეულებრივ, ასე მუშაობს: 
ფარმაცევტული კომპანიის წარმომადგენელი მიდის ექიმთან და სთავაზობს გარიგებას.  თუ ექიმი დათანხმდება,  სპეციალურ ბლანკიან ფურცელზე, რომელზეც მისი სახელი და  გვარიც მიეთითება, პაციენტს უნიშნავს წამალს. ეს ბლანკიანი ფურცელი ჯერ პაციენტის  ხელში ხვდება, შემდეგ კი პაციენტს  აფთიაქში მიაქვს. გამოწერილი წამლების ოდენობის  მიხედვით, ექიმი ფარმაცევტული მაფიისგან იღებს ფულად დანამატს. 
ასე ახასიათებს ერთ-ერთი ექიმი ამ პრაქტიკას:
“პირდაპირ შემოუთავაზებიათ - თუკი დავნიშნავდი, მაგალითად, 35-ლარიან  ანტიბიოტიკს, თითო გაყიდული წამლიდან 5 ლარი მე ჩამერიცხებოდა. მოითხოვეს ჩემი ანგარიშის  ნომერიც“. 
ასეთი გარიგებები არ არის ერთეული  და მარგინალური შემთხვევა. ეს ფარმამაფიის მუშაობის არსებითი, განუყოფელი ელემენტია. პრობლემა სისტემურია: საქართველოში არ მოქმედებს მინიმალური ხელფასის  კანონი და ექიმების უმეტესობის ხელფასი 250-500 ლარის ფარგლებში მერყეობს. სამედიცინო  და ფარმაცევტული მაფია ექიმს ჯერ დაბალ ხელფასს უნიშნავს, რომ შემდეგ პაციენტის ძარცვაში  მონაწილეობა აიძულოს. 
ასეთი პრაქტიკა ყვლეფს პაციენტს და აზიანებს მის  ჯანმრთელობას (აიძულებს რა, რომ არასაჭირო წამლები  მიიღოს), ლახავს ექიმის პროფესიულ ღირსებას და ასევე ზრდის წამლის ფასს, რის გამოც  მოსახლეობის თითქმის ნახევარი ვეღარ ახერხებს წამლის შეძენას, ხოლო დიდი ნაწილი ამ  წამლების ყიდვის გამო ღარიბდება. არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ მარკეტინგის ხარჯის წილი წამლის  საბოლოო ფასში 30-40% შეადგენს. 
მიზეზი 3. პოლიტიკური ოლიგოპოლია
საქართველოს ფარმაცევტული ბაზარი ოლიგოპიურია. სხვა სიტყვებით, ფარმაცევტული ბაზრის თითქმის 70%-ს 4 კომპანია აკონტროლებს:
პსპ ფარმა -  22.32%გეფა [ჯიპისი და ფარმადეპო] - 25,1%ავერსი-ფარმა - 14.54%გლობალფარმი - 7%. 
ეს კომპანიები ერთდროულად აკონტროლებენ საქართველოში  წამლების შემოტანას (იმპორტს) და მათ საცალო გაყიდვას  თავიანთი სააფთიაქო ქსელების გამოყენებით. სხვა  ქვეყნებში, ჩვეულებრივ, ეს ორი - იმპორტი და საცალო რეალიზაცია - ერთმანეთისგან გამიჯნულია.  და რადგან საქართველოში წამლის ფასის რეგულირების არცერთი მოდელი არ მოქმედებს და  ოლიგოპოლიური გარიგებებიც უკონტროლოა, წამლის ფასი კოლოსალურია.
ქართული ფარმაცევტული ბაზრის ოლიგოპოლია ორი მთავარი გზით ჩამოყალიბდა:
პირველი არის წამლის საქართველოში  შემომტანი (იმპორტიორი) კომპანიების ექსკლუზიური შეთანხმებები წამლის მწარმოებელ კომპანიებთან.  ამ შეთანხმებების ფარგლებში, მაგალითად, ავერსი წამლის მწარმოებელ კომპანიას უთანხმდებოდა  იმაზე, რომ ის კონკრეტული წამლის ერთადერთი შემომტანი უნდა ყოფილიყო და სხვა არცერთ  სუბიექტს ამის უფლება არ უნდა ჰქონოდა. ამდენად, მას შეეძლო, სრულად განესაზღვრა ის,  თუ რა ფასად გაიყიდებოდა მის მიერ შემოტანილი წამალი. 
მეორე იყო გარიგებები საქართველოში  მოქმედ მსხვილ იმპორტიორებს შორის. სქემა ასეთია: ერთ კომპანიას, მაგალითად, პე-ეს-პეს ექსკლუზიურად შემოაქვს წამალი X; მეორეს,  მაგალითად, ავერსს - წამალი Y. ისინი ამ წამლებს,  რომელთა ფასსაც ერთპიროვნულად ადგენენ, უნაწილებენდნენ ერთმანეთს. 
იმპორიტირებული წამლების ერთმანეთში განაწილებისა  და სხვა აფთიაქებისთვის მათი ფიქსირებულ ფასად მიყიდვის გზით, ამ კომპანიებმა მოახერხეს  უცხოური მედიკამენტების ფასზე ოლიგოპოლიური კონტროლის დაწესება. ასეთი ოლიგოპოლიური  სქემებით გააძევეს ფარმაცევტული ბაზრიდან, მაგალითად, სახალხო აფთიაქი. მოგვიანებით, ამავე კომპანიებმა  დაიწყეს წამლის საქართველოში წარმოებაც, რომელსაც ხშირად უფრო ძვირად ყიდიან, ვიდრე  მათი უცხოური ანალოგი ღირს. 
ოლიგოპოლიური სიტუაციის შესანარჩუნებლად ფარმამაფია  აკონტროლებს პარლამენტსაც. უნდა  გვახსოვდეს: ერთ მხარეს დგას პე-ეს-პე და მისი მეპატრონე კახა ოქრიაშვილი, რომელიც ამავდროულად ნაციონალური მოძრაობის დეპუტატია პარლამენტში.  მეორე მხარეს დგას გლობალფარმი და მისი  მეპატრონე ანტონ ობოლაშვილი, რომელიც ქართული ოცნების დ