საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფრანგი პოლიტიკოსები ევროკავშირს ერთობლივად უტევენ!

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ფრანგი პოლიტიკოსები ევროკავშირს ერთობლივად უტევენ!

  პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყნის კონსტიტუციის ევროკავშირის კანონმდებლობაზე უპირატესად გამოცხადებასთან დაკავშირებით, ევროკავშირის სამართლებრივი პრინციპები გამოწვევის წინაშე დააყენა – წერს Politico.

ევროკავშირის ძლიერი კრიტიკა და მოწოდებები, რომ საფრანგეთმა ეროვნული სუვერენიტეტი უნდა დაიცვას, ქვეყანაში არამხოლოდ ულტრამემარჯვენე ძალებისგან ისმის, არამედ პრეზიდენტობის კანდიდატებისგანაც.

ევროკომისიამ ევროკავშირის კანონმდებლობა წევრი ქვეყნების კანონებზე, მათ შორის კონსტიტუციაზე უპირატესად აღიარა. თუ საპირისპირო მოსაზრება საფრანგეთში პოლიტიკურ მეინსტრიმად იქცა, ევროკავშირის მომავალი სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

„რესპუბლიკელების“ წევრმა ვალერი პეკრესმა, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძვის,  Cnews-თან ინტერვიუში განაცხადა: „ევროპა სახელმწიფოებისგან შედგება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი, თითოეული სუვერენული სახელმწიფოს კონსტიტუცია, კონსტიტუციური იდენტობა ევროპულ მართლმსაჯულებაზე უპირატესია.“

სოციალისტური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა არნო მონტებურმა პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაქო: „პოლონეთის მიერ სახელმწიფო სუვერენიტეტის კანონით დამტკიცება მნიშვნელოვანი მოვლენაა. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთი პოლონეთის პოლიტიკურ მისწრაფებებს არ იზიარებს, ჩვენც უნდა დავამტკიცოთ საფრანგეთის კანონმდებლობის უპირატესობა ევროკავშირის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.“

ცენტრისტული მემარჯვენე ფრთის წარმომადგენელი, ყოფილი ევროკომისარი და Brexit-ის საკითხებში მთავარი მომლაპარაკებელი მიშელ ბარნიე, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძვის, პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებამდეც უკომპრომისო პოზიციით გამოირჩეოდა. მიშელ ბარნიე ამტკიცებს, რომ საფრანგეთმა „იურიდიული სუვერენულობა“ უნდა დაიბრუნოს, რათა მომავალში იმიგრაციის პოლიტიკის გამო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განაჩენის მოლოდინში არ იყოს.

„რესპუბლიკელების“ კიდევ ერთი პრეზიდენტობის კანდიდატი ქსავიე ბერტრანი საფრანგეთის კონსტიტუციის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად, რათა საფრანგეთმა თავისი უმთავრესი ინტერესების დაცვა შეძლოს.

პრეზიდენტ მაკრონის მთავრობამ რადიკალურად განსხვავებული პოზიცია დაიკავა, როდესაც პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო, როგორც ევროკავშირის საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედება. მიუხედავად ამისა, ოპოზიციის ლიდერთა ერთიანი პოზიცია საფრანგეთის სუვერენულობის გაძლიერებასთან დაკავშირებით (ამ პოზიციას იზიარებს ულტრამემარჯვენე პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე-პენიც), ქვეყანაში ევროკავშირის მიმართ უკმაყოფილებას აძლიერებს. Eurobarometer-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დგინდება, რომ ევროკავშირს ფრანგების მხოლოდ 36 % ენდობა.

„საფრანგეთს ევროკავშირის დატოვება არ სურს, მაგრამ ევროპული პროექტისადმი რწმენა ფრანგ ხალხში მცირდება,” – განაცხადა ტარა ვარმამ, ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა პარიზის ოფისის ხელმძღვანელმა.


წყარო: https://altinfo.net/archives/14580