EastFruit- „ქართული ფეიხოას ექსპორტის მასშტაბი ჯერ კიდევ მცირეა, თუმცა ბოლო წლების მანძილზე მისი ზრდა იგრძნობა''

EastFruit- „ქართული ფეიხოას ექსპორტის მასშტაბი ჯერ კიდევ მცირეა, თუმცა ბოლო წლების მანძილზე მისი ზრდა იგრძნობა''

დასავლეთ საქართველოში ფეიხოას მოსავლის აღება ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. EastFruit გვამცნობს,რომ აჭარის,გურიისა და სამეგრელოს ფერმერები, შეშფოთებას გამოხატავენ, წლევანდელი დაბალი მოსავლისა და მაღალი ფასების გამო.

1 კგ. ფეიხოას ფერმერები, საშუალოდ, 3-4 ლარად (0.96-1.27 დოლარად) ყიდიან, რაც შარშანდელთან შედარებით, 0.5-1 ლარით (0.16-0.32 დოლარით) მეტია. მაგალითად, სამეგრელოში 1 კგ. დაუხარისხებელი ფეიხოა 3 ლარად (0,9 დოლარად) იყიდება. ამავე ფასად იყიდება დაუხარისხებელი ფეიხოა გურიის რეგიონშიც, სადაც ზამთარში თოვლმა ფეიხოას ხის ტოტები დაამტვრია და მცირე მოსავალი განაპირობა.

მცირე მოსავლის მიზეზად ფერმერები ყვავილობის პერიოდში ყვავილის ცვენას ასახელებენ. ისინი ეჭვობენ, რომ ეს შესაძლოა, მცენარის დაავადებით იყოს გამოწვეული.

თუმცა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ზვიად ბობოკაშვილი, რომელიც სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის ხილის კულტურების განყოფილებას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ ყვავილცვენის პრობლემა დაავადებით კი არა, უფრო მეტეოროლოგიური ფაქტორით არის გამოწვეული.

„ფეიხოას ყვავილობის დროს, ივნისში, ამინდი დასავლეთ საქართველოში არასტაბილური იყო. მაღალ და დაბალ ტემპერატურას შორის ამპლიტუდა მნიშვნელოვნად შესამჩნევი იყო, რაც ფეიხოას ყვავილზე უარყოფითად აისახა. იგივე პრობლემა ოთხი წლის წინაც გვქონდა. ჩემი დაკვირვებით, ამ სეზონზე ნაკლები, მაგრამ უკეთესი ხარისხის მოსავალი გვაქვს,“ - განუცხადა EastFruit-ს ზვიად ბობოკაშვილმა.

პორტალის მონაცემებით, გასულ სეზონზე საქართველოდან 444 ტონა ფეიხოა გავიდა. უკრაინა ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა იყო.

„ქართული ფეიხოას ექსპორტის მასშტაბი ჯერ კიდევ მცირეა, მაგრამ ბოლო ოთხი წლის მონაცემებით, ის იზრდება,“ - წერს EastFruit.

ფეიხოას საექსპორტო სეზონი სექტემბერში იწყება, თუმცა ძრითადი მოსავალი ექსპორტზე ოქტომბერსა და ნოემბერში გადის.

რაც შეეხება ადგილობრივ ფასებს, პორტალის მონაცემებით, თბილისის აგრარულ ბაზარზე 1 კგ. ფეიხოას საბითუმო ფასი 3-დან 7 ლარამდე (0.96-დან 2.23 დოლარამდე) მერყეობს.

წყარო : https://www.bpn.ge/article/87226-ra-girs-peixoa-da-rogoria-produkciis-saeksporto-potenciali