გენერალმა მარკ მილიმ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტების გამოცდა დაადასტურა

გენერალმა მარკ მილიმ ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტების გამოცდა დაადასტურა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა გენერალმა მარკ მილიმ, რომელსაც ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში ჩინელ კოლეგასთან ფარული საუბრების გამართვის გამო მწვავედ აკრიტიკებენ,  ჩინეთის მიერ ზებგერითი რაკეტების გამოცდა დაადასტურა. ჩინეთი ზებგერითი რაკეტების გამოცდის ფაქტს უარყოფს.

„რაც ჩვენ ვიხილეთ, იყო ზებგერითი რაკეტების გამოცდის მნიშვნელოვანი ფაქტი. ეს ძალიან შემაშფოთებელია. ვერ გეტყვით, არის თუ არა ეს „სპუტნიკის“ შემთხვევის ანალოგი, მაგრამ, ჩემი აზრით, მსგავსება დიდია. მთელი ჩვენი ყურადღება ამ მოვლენისკენ არის მიმართული,“ – განაცხადა მარკ მილიმ მედიასთან საუბრისას.

1957 წელს საბჭოთა კავშირის მიერ „სპუტნიკის“ თანამგზავრის ჩაშვება ამერიკელებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა.   აშშ შიშობდა, რომ საბჭოთა კავშირი ტექნოლოგიური შესაძლებლობებით წინ მიიწევდა.

„ისინი სწრაფად ფართოვდებიან როგორც კოსმოსში ან კიბერ სივრცეში, ასევე მიწაზე, წყალსა და ჰაერში. ეჭვიც არ მეპარება, რომ მომდევნო 10, 20, 25 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უდიდესი გეოსტრატეგიული გამოწვევა ჩინეთი იქნება,“ – განაცხადა გენერალმა მარკ მილიმ.