ვლადიმერ პუტინი – ნატოს სამხედრო აქტივობის ფონზე რუსეთმა თავდაცვა უნდა გააუმჯობესოს

ვლადიმერ პუტინი – ნატოს სამხედრო აქტივობის ფონზე რუსეთმა თავდაცვა უნდა გააუმჯობესოს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საზღვრებთან ნატოს სამხედრო აქტივობის ფონზე ხაზი გაუსვა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაუმჯობესების მნიშვნელობას.

სოჭში სამხედრო თანამდებობის პირებთან და იარაღის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა აშშ-ს ხელმძღვანელობით აღმოსავლეთ ევროპაში სარაკეტო თავდაცვითი კომპონენტების განლაგებისა და ბალტიისა და შავ ზღვებში ნატოს ხომალდების გამოჩენის შესახებ ისაუბრა.

„ახლა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი შავ ზღვაშია შემოსული. ჩვენი თავდაცვის სისტემის სამიზნეებიდან მისი დანახვა შეგვიძლია,“- აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთი ქვეყნის წყლებთან ახლოს ნატოსა და აშშ-ს ხომალდების განლაგებამ გააბრაზა. რუსეთსა და დასავლეთს შორის დაძაბულობამ ცივი ომის შემდგომ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

გასულ თვეში რუსეთმა ნატოში თავისი წარმომადგენლობის მუშაობა შეწყვიტა, ქვეყანაში კი ალიანსის ოფისი დაიხურა. ნატომ რუსეთის რვა ელჩს აკრედიტაცია ჩამოართვა.

რუსეთის საზღვრებთან ახლოს ნატოს ძალების განლაგების გამო რუსეთი შეშფოთებას ხშირად გამოხატავს. ალიანსსა და რუსეთს შორის ხშირია ურთიერთბრალდებები ზღვასა და ჰაერში საშიში და პროვოკაციული მანევრების გამო.

ივნისში რუსეთმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა სამხედრო ხომალდიდან, პარალელურად კი სამხედრო თვითმფრინავიდან ბომბები ჩამოყარა ბრიტანული გამანადგურებლის „Defender”-ის გზაზე, რათა ის ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის მახლობლად შავი ზღვის წყლებიდან განედევნა. ბრიტანეთმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო და განაცხადა, რომ მისი ხომალდის მიმართულებით გასროლა არ განხორციელებულა და „Defender”-ი უკრაინისკენ მიცურავდა.

ინციდენტის შემდეგ მოსკოვმა გაფრთხილება გაავრცელა, რომ ის მზად არის მიზანში ამოიღოს ზღვაში შემოჭრილი ხომალდები, თუ ისინი გაფრთხილებას არ გაითვალისწინებენ.

„საჰაერო და კოსმოსური თავდაცვის სისტემა უნდა გავაუმჯობესოთ. წამყვანი ძალები პერსპექტიულ მაღალსიჩქარიან დამრტყმელ იარაღს ავითარებენ. თავდაცვის გაძლიერება ასევე გამართლებულია სამხედრო-პოლიტიკური ვითარებით, ნატოს თვითმფრინავების ინტენსიური ფრენებით რუსეთის მახლობლად, ასევე ბალტიისა და შავ ზღვებში მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნატოს სამხედრო ხომალდების გამოჩენით,“ – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.