შოტლანდიის ერთ-ერთმა სკოლამ მამრობითი და მდედრობით სქესის მოსწავლეებს თანასწორობის სახელით ქვედაბოლოების ტარება სთხოვა

შოტლანდიის ერთ-ერთმა სკოლამ მამრობითი და მდედრობით სქესის მოსწავლეებს თანასწორობის სახელით ქვედაბოლოების ტარება სთხოვა

შოტლანდიის ერთ-ერთმა დაწყებითმა სკოლამ მამრობითი და მდედრობით სქესის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანასწორობის ხელშესაწყობად ქვედაბოლოების ტარება სთხოვა.

„გვსურს, ჩვენი სკოლა ინკლუზიური იყოს და თანასწორობა წაახალისოს,“ – აღნიშნული შეტყობინება სკოლამ მოსწავლეების მშობლებს ელ-ფოსტაზე გადაუგზავნა. ინიციატივაში მონაწილეობა სამი წლის ბიჭებსაც შესთავაზეს.

სკოლის მიერ მშობლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ბავშვებმა თავი კომფორტულად უნდა იგრძნონ, რის გამოც ქვედაბოლოს შიგნით შარვლებისა და რეიტუზების ტარება შეეძლებათ. სკოლა ქვედაბოლოებს შესთავაზებს იმ მოსწავლეებს, რომლებსაც თავად არ აქვთ ქვედაბოლოები.

„დიდი სურვილი გვაქვს გავავრცელოთ გზავნილი იმის შესახებ, რომ ტანსაცმელს გენდერი არ აქვს და ჩვენ თავისუფლები ვართ ჩვენი არჩევანის თანახმად გამოვხატოთ საკუთარი თავი,“ – აღნიშნულია სკოლის მიერ მშობლებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში.

გასულ წელს ესპანეთში პროტესტი მოჰყვა ქვედაბოლოს  ტარების გამო სკოლის მოსწავლე ბიჭის  ფსიქოლოგთან გაგზავნასა და სკოლიდან გარიცხვას. გასული წლის 4 ნოემბერს სკოლიდან გარიცხული მოსწავლის მხარდასაჭერად აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მამრობითი სქესის მოსწავლეები და მასწავლებლები სკოლაში კაბით გამოცხადდნენ. პროტესტს სახელად „ატარე ქვედაბოლო სასკოლო დღეს” დაერქვა.

შოტლანდიის დაწყებითმა სკოლამ სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით  მოუწოდა მოსწავლე ბიჭებს ქვედაბოლოების ტარებისკენ, რათა გენდერული სტერეოტიპები დაემსხვრიათ.

დაწყებითი სკოლის ინიციატივას Twitter-ზე სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. მშობლების ნაწილი აცხადებდა, რომ მასწავლებლებმა სკოლაში ბავშვებს უნდა ასწავლონ და გენდერულ საკითხებთან შეჯახება მათი საქმე არ არის, ნაწილი ღელავდა, ხომ არ დაიმსახურებდნენ ნეგატიურ შეფასებას ის მოსწავლეები, ვინც სკოლაში ქვედაბოლოთი არ გამოცხადდებოდა. მშობლების ნაწილი ინიციატივისადმი მხარდაჭერას გამოხატავდა.

ედინბურგის ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ მოსწავლეებმა  ინიციატივაში მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, თუ ეს თავად არ სურთ. ამასთან საბჭომ თანასწორობის ხელშეწყობის იდეისადმი მხარდაჭერა გამოხატა.

ახალი ინიციატივა „ატარე ქვედაბოლო სასკოლო დღეს“ ევროპის ქვეყნების სკოლებში უკვე გავრცელდა, თუმცა აშშ-ის სკოლები მსგავს ღონისძიებას არ ატარებენ.