საქართველოში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ხორციელდება

საქართველოში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი ხორციელდება

საქართველო წინ მიიწევს ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის თანამედროვე სისტემის დანერგვის მიმართულებით, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტანდარტებზეა დაფუძნებული, - ინფორმაციას UNDP ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ავტომატური მონიტორინგის ქსელი უკვე მოქმედებს თბილისში და საქართველოს სამ დიდ ქალაქში - ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში.

ქსელის სადგურები ამოწმებს ჰაერის ხარისხს 24 საათის განმავლობაში და აგროვებს მონაცემებს ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებლების შესახებ. გარდა ამისა, მონაცემები ჰაერის დამაბინძურებლების შესახებ გროვდება 25 მუნიციპალიტეტში კვარტალურად. ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ ხელმისაწვდომია საჯარო ონლაინ პორტალზე www.air.gov.ge.

„ამ საქმიანობის წარმატება დიდწილად განპირობებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს აქტიური თანამშრომლობით შვედეთის მთავრობასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) და შესაბამისი დახმარებით, რომელიც გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასული სამი წლის მანძილზე მიიღო.

UNDP-სა და შვედეთის ხელშეწყობით, გაიზარდა გაეროს ეროვნული სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობები ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის სფეროში, ასევე დაინერგა ეფექტიანი მექანიზმები და ინსტრუმენტები ჰაერის ხარისხის მონიტორინგის განხორციელებისთვის.

სამწლიანი ინიციატივა, რომლის მთლიანი ბიუჯეტი 235,000 აშშ დოლარს შეადგენს, განხორციელდა შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული უფრო ფართომასშტაბიანი პროგრამის ფარგლებში, რომელიც საქართველოს მმართველობის სექტორის განვითარებას ემსახურება.

18 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური ინსტიტუტებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინიციატივის შედეგები შეაჯამეს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი დიდ ქალაქებსა და ურბანულ ცენტრებში უნდა განხორციელდეს, რასაც მონიტორინგის ახალი სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სახელმწიფომ სწორი ღონისძიებები დაგეგმოს და განახორციელოს ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

„ადამიანების კეთილდღეობას მხოლოდ შემოსავალი და ეკონომიკური მაჩვენებლები არ განაპირობებს. კეთილდღეობა ასევე ნიშნავს, რომ შეგვიძლია ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი, დავლიოთ სუფთა წყალი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. შვედეთის ხელშეწყობით, საქართველო გარემოსდაცვით სტანდარტებს შემოიღებს და მონიტორინგის უფრო ეფექტიან სისტემებს დანერგავს“, - აღნიშნა შვედეთის ელჩის მოადგილემ/შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ერიკ ილესმა.

„მსოფლიოს ბევრ ქალაქში, ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ამ მხრივ, არც საქართველოა გამონაკლისი. დაბინძურების გაზომვისა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგად, შესაძლებელი იქნება დაბინძურების წყაროების გამოვლენა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება“, - თქვა UNDP-ის ხელმძღვანელმა ნიკ ბერესფორდმა.

UNDP-სა და შვედეთის ხელშეწყობით, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ჰაერის დაბინძურების მონაცემთა გადამოწმებისა და ვალიდაციის თანამედროვე სისტემა დანერგა, რომლის გამოყენებითაც მოხდება სტატისტიკური მონაცემების შედარება დროის ინტერვალებისა და ლოკაციების მიხედვით. ასევე დაიწყო ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემის დანერგვა.

„გარდა ამისა, შემუშავდა მონაცემების ვერიფიკაციისა და ანგარიშგების ინსტრუქციები და პროგრამული უზრუნველყოფის ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, ხოლო გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გაიარეს გადამზადების პროგრამები ჰაერის მოდელირებისა და ანგარიშგების საკითხებში.

UNDP-სა და შვედეთის ხელშეწყობის ფარგლებში, ასევე დაინერგა ხარისხის მონიტორინგის სტანდარტები და შემუშავდა ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელო პრინციპები ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.


წყარო: https://www.bpn.ge/article/88362-sakartvelos-kalakebshi-haeris-dabinzurebis-monitoringi-xorcieldeba