ენტონი ფაუჩი – კორონავირუსით ინფიცირებულ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის რიცხვი იზრდება

ენტონი ფაუჩი – კორონავირუსით ინფიცირებულ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის რიცხვი იზრდება

აშშ-ის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდ-19-ით ინფიცირებულ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში ჰოსპიტალიზაციის რიცხვი იზრდება.

„ვხედავთ, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც ვაქცინირებულები არიან, მაგრამ ბუსტერ დოზები არ მიუღიათ, ჰოსპიტალიზაციის რიცხვი მატულობს,“ – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის მთავარმა ინფექციონისტმა ხაზი გაუსვა ვაქცინების მნიშვნელობასა და ეფექტიანობას.

„62 მილიონ ამერიკელს, რომლებისთვისაც ვაქცინაცია დასაშვებია, ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია. მონაცემები, რომლებსაც მე თქვენ გაჩვენებთ, სიცრუეს არ შეიცავს. ვაქცინა გიცავთ თქვენ, თქვენს ოჯახსა და საზოგადოებას,“ – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

„აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია 18 წელზე მეტი ასაკის ყველა მოქალაქისთვის ბუსტერ დოზების ავტორიზაციაზე მუშაობს. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის მონაცემებს სწრაფად განიხილავს და რეკომენდაციებს გასცემს,“ – განაცხადა აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის დირექტორმა როშელ ვალენსკიმ.

აშშ-ის ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის ბუსტერ დოზების გაკეთების ავტორიზაციაზე ფიქრი ზამთარში კოვიდ-19-ის ახალი აფეთქების მოლოდინით არის განპირობებული. კორონავირუსის ახალი ვარიანტებისა და სადღესასწაულო მოგზაურობის გამო, შესაძლოა, ქვეყანაში ვირუსის ხელახალი აფეთქება მოხდეს.

აშშ-ის დასავლეთის, შუა-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის შტატებში კოვიდ-19-ით ინფიცირების მაჩვენებლები იზრდება, რაც ადგილობრივ ლიდერებსა და საავადმყოფოებს გარკვეული ზომების მიღებისკენ უბიძგებს.

მოსალოდნელია, რომ FDA ყველა ზრდასრული მოქალაქისთვის „ფაიზერ-ბიონტექის“ ვაქცინის გამაძლიერებელ დოზებს დაუშვებს.