ევროკომისიის პოზიცია მიგრაციასთან მიმართებაში უცნაური და სამარცხვინოა

ევროკომისიის პოზიცია მიგრაციასთან მიმართებაში უცნაური და სამარცხვინოა

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტომ ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკა გააკრიტიკა. მისი თქმით, ევროკომისიის პოზიცია მიგრაციასთან დაკავშირებით უცნაური და სამარცხვინოა, როდესაც არსებული საიმიგრაციო პოლიტიკის გამო ევროპაში შესვლას სამხრეთიდან, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ათიათასობით მიგრანტი ცდილობს.

„ბრიუსელი მზად არის დააფინანსოს ყველაფერი, რაც საიმიგრაციო ზეწოლას გაზრდის, მაგრამ არ უჭერს მხარს არაფერს, რაც მიგრაციას შეამცირებს და ევროპელ ხალხს ამ საფრთხისგან დაიცავს,“ – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასავლეთ ბალკანეთში არსებული რთული ვითარების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიგრანტთა ნაკადებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებიან.

„დროა, ევროკომისიამ მხარი დაუჭიროს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს, რათა მათ მიგრანტთა ზეწოლისგან საკუთარი თავის და ამავდროულად ჩვენი დაცვაც შეძლონ,“ – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში პროგრესი აუცილებელია, რადგან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში არასტაბილური ვითარების არსებობა ევროპის უსაფრთხოებისთვისაც საზიანოა.

პიტერ სიიარტოს განცხადებით, 2015 წლიდან ევროპაში მასობრივი მიგრაციის ტალღები არ წყდება, რაც ევროკავშირის ქვეყნებს შორის განხეთქილების მიზეზი გახდა.

„ბრიუსელმა ამ გამოწვევასთან ეფექტიანად გამკლავება ვერ შეძლო და მიგრანტთა მიღების სავალდებულო კვოტები დააწესა,“ – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა თავად გადაწყვეტს, შეუშვებს თუ არა მიგრანტებს თავის ტერიტორიაზე. პიტერ სიიარტომ აღნიშნა, რომ მსგავს გადაწყვეტილებებში ევროკავშირის ჩარევა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაა. მისი თქმით, ვიშეგრადის ქვეყნების მიერ კვოტების უარყოფამ ძალიან კარგი შედეგი მოიტანა.

„ჩვენ რომ ამ წარმატებისთვის არ მიგვეღწია, დღეს ჩვენს ქვეყნებში ასიათასობით არალეგალი მიგრანტი იცხოვრებდა,“ – განაცხადა პიტერ სიიარტომ.