
ვაშინგტონში მკვლელობების რიცხვი 2003 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
2021 წლის დასაწყისიდან ვაშინგტონში მკვლელობის 200 შემთხვევა აღირიცხა, რაც 2003 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი რიცხვია.
Washington Post-ის ინფორმაციით, აშშ-ის დედაქალაქში მკვლელობების რიცხვი 2017 წლის შემდეგ იზრდება. 2017 წელს ვაშინგტონში 116 მკვლელობა მოხდა. 2021 წელს იარაღიდან გასროლის შემთხვევები შემცირდა, თუმცა კრიმინალმა მნიშვნელოვნად მოიმატა, მათ შორის არასრულწლოვნებშიც.
ქალაქის პოლიციის უფროსმა მკვლელობის 200 შემთხვევის აღრიცხვა ძალიან საგანგაშო ფაქტად შეაფასა.
2021 წელს მკვლელობების რიცხვმა აშშ-ის მასშტაბით მოიმატა. წლის დასაწყისიდან სექტემბრის ჩათვლით მკვლელობების რიცხვი ქვეყნის 29 მთავარ ქალაქში წინა წელთან შედარებით გაიზარდა.
ვაშინგტონში „შავკანიანების სიცოცხლე მნიშვნელოვანიას“ მოძრაობის პროტესტის შედეგად პოლიციას დაფინანსება შეუმცირდა. ვაშინგტონში 2021 წელს გასულ წელთან შედარებით 200-ით ნაკლები პოლიციელი მსახურობს, რაც ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ყველაზე დაბალი რიცხვია.
პოლიციის გაერთიანების თავმჯდომარის გრეგორი პემბერტონის თქმით, პოლიციელთა დიდმა ნაწილმა სამსახური დაკავების დროს მათთვის შეზღუდვების დაწესებისა და სააღმსრულებლო მოქმედებებში შეტანილი სხვა ცვლილებების გამო დატოვა.
„ქალაქის საბჭოს მუდმივი სურვილი, რომ პოლიციის განყოფილების ზომა და დაფინანსება შეამციროს, ჩვენს ქალაქს შავი ღრუბელივით აწევს,“ – განაცხადა პოლიციის გაერთიანების თავმჯდომარემ.
კომენტარები (0)
კომენტარები არ არის